დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის რისკჯგუფში ძირითადად უფროსი ასაკისა და ქრონუკული დაავადების მქონე ადამიანები შედიან.
„80 000 ადამიანზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, დაინფიცირებული ბავშვების რაოდენობა ძალიან პატარაა. ძირითადად, ვირუსი აზიანებს 40-50 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობას. რისკჯგუფი უფროსი ასაკობრივი ჯგუფია და განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 80% შემთხვევაში 60 წელს ზემოთ ჯგუფშია, მათგან 50% ქრონიკული დაავადების მქონე იყო“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე „TV პირველის“ ეთერში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.