თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს გამოფენას – „ლადო ალექსი–მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“.
თიბისი კონცეფტის მულტიფუნქციური სივრცე დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, ლადო ალექსი–მესხიშვილის (1915 – 1978) მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ეს მართლაც გამორჩეული მოვლენაა, რადგან გამოფენა ნიჭიერი, გამორჩეული ხედვის ქართველი არქიტექტორის თითქმის ორმოცწლიან შემოქმედებას, მის დასრულებულ თუ დაუსრულებელ პროექტებსა და უნიკალურ მხატვრულ–დოკუმენტურ მასალებს გაგვაცნობს.
გამოფენის კურატორები არიან: დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, (ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით). გამოფენა 20 სექტემბერს გაიხსნება და დეკემბრის ბოლომდე გასტანს.
გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალები გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობებამდე. მისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი შემოქმედება ასახავს როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს ნამუშევრების სოციალურ–პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალები მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.
თავად კურატორები ასე განსაზღვრავენ გამოფენის მნიშვნელობას დღევანდელ კონტექსტში.
დიმიტრი ერისთავი:
„ჩვენი გამოფენის მიზანი იყო ლადო ალექსი–მესხიშვილის შემოქმედების რაც შეიძლება სრულყოფილად წარმოდგენა. ექსპოზიცია წარმოაჩენს როგორც მის განხორციელებულ პროექტებს და თანდართული ფიქრის პროცესებს, ასევე იმ სივრცულ ჩანაფიქრს, რაც ამ ყველაფრის პარალელურად იქმნებოდა. გამოფენაში რეტროსპექტიულად აღწერილია ის ეპოქალური ცვლილებები, რომელთა მომსწრე და ამსახველი თავად არქიტექტორია.
ლადოს შემოქმედების, მისი მემკვიდრეობის შესწავლა და გადააზრება იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც იმ პერიოდის, სადაც მას მუშაობა უწევდა. რა დამოკიდებულება გვაქვს დღეს წარსული ეპოქის არქიტექტურასთან? რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მატერიალური ისტორიის შენარჩუნება? როგორ უნდა იქმნებოდეს ახალი სივრცეები არსებულ გარემოში? ასეთი კითხვები მნიშვნელოვანი იყო ლადოს არქიტექტურის ფორმირებისთვის და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი თაობებიც ამ საკითხებს პასუხისმგებლობით გაიაზრებენ“.
ლადო შონია:
„იმის მიუხედავად, რომ ლადო ალექსი მესხიშვილს მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში მოუწია, მისი შემოქმედება მაინც გამორჩეულია ამავე ეპოქაში მცხოვრები კოლეგებისგან. ეს განსხვავება შეინიშნება შემოქმედებით თვითმყოფადობასა და მეტნაკლებად დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობაში. სამუშაო გარემოსადმი მისი არაკონფორმისტული დამოკიდებულება და დაუღალავი ბრძოლა თუ შრომა საკუთარი იდეების განხორციელებისთვის, წარმოაჩენს ლადო ალექსი–მესხიშვილს, როგორც გამორჩეულ პიროვნებას საბჭოთა დროის არქიტექტურულ სამყაროში“.
მეოცე საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლები, ანუ სტალინის სიკვდილის შემდგომი, „ოტტეპელის გამოძახილი“ ქართულ ხუროთმოძღვრებაში მნიშვნელოვანი გადატეხის პერიოდია. ერთი მხრივ, ეს არის ომისშემდგომი საყოველთაო აღმშენებლობისა და ინერციის პერიოდი და მეორეს მხრივ, ძველი სტერეოტიპების ნგრევისა და ახალი მიმართულების დასაწყისი.
სწორედ ახალი არქიტექტურული ფორმების ძიება, ამავე დროს, ამ ფორმათა სიმკაცრე და „დაუსრულებლობა“, რაციონალურ დაგეგმარებაზე გათვლილი სისადავე, შენობათა ჰაეროვნება, საშენ მასალად გამოყენებული რკინა–ბეტონის კონსტრუქციის მაქსიმალური სიმსუბუქე და ამავე დროს სიმტკიცე, ლანდშაფტის გულდასმით შესწავლა და მისი მორგება არქიტექტურულ მზერაზე, განსხვავებულ ხელოვნებათა სინთეზი არქიტექტურაში – ეს ყველაფერი ნამდვილად გამოარჩევს ლადო ალექსი–მესხიშვილის შემოქმედებას საბჭოთა არქიტექტურის დადგენილი დოგმატებიდან თუ ჩარჩოების ფონზე.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იგრძნობა ლადო ალექსი–მესხიშვილის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც მან 60-70-იან წლებში განახორციელა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ თბილისის სპორტის სასახლე (1960), რომელიც გიგანტური გუმბათოვანი თაღი, სივრცის გადაწყვეტა და არქიტექტურული სისადავე სრულიად გამორჩეული იყო იმდროინდელ საბჭოთა არქიტექტურაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გუმბათის 76-მეტრიანი მალი, რომლის წყალობითაც დარბაზში სივრცის საოცარი შეგრძნება იბადება. ექსტერიერის აღქმის შემდეგ, სადაც სიმაღლე 16 მეტრს აღწევს, კიდევ უფრო შთამბეჭდავად აღიქმება ინტერიერის უზარმაზარი სივრცე (დარბაზის მაქსიმალური სიმაღლე 34 მეტრია), რაც ასევე შთამბეჭდავ ემოციურ კონტრასტს ქმნის შიდა და გარე სივრცეებს შორის
აღსანიშნავია თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის შენობა (დიდი დიღომი), რომელიც თავისი დაგეგმარებით, გარემოსთან შერწყმით და ზუსტი კონცეფციით, 60-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურის ერთ–ერთ საუკეთესო ნაგებობად აღიარეს სპეციალისტებმა. ინსტიტუტის კომპლექსი შემაღლებულ რელიეფზეა გაშენებული. გარემოსთან კავშირი შიდა ეზოების კავშირებითა მიღწეული. კარგადაა გამოკვეთილი შენობის არქიტექტურული იერსახე, ხოლო სასწავლო კორპუსებისა და ლაბორატორიების კავშირი ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის გარემოსთან.
60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაიხსნა (ლენინის მოედანი – გმირთა მოედანი), ლადო ალექსი–მესხიშვილის არქიტექტურული პროექტით ერთ–ერთი მთავარი სადგურის – „ლენინის მოედნის“ მშენებლობა დაიწყო. მაშინდელი საბჭოური ქალაქების (მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, მინსკი) მეტროს სადგურებისგან განსხვავებით, თბილისის მეტროპოლიტენის სადგური ნაკლები პომპეზურობითა და დეკორატიულობით გამოირჩეოდა: ის სადაა, ბევრად ლაკონიური და რაც მთავარია, დიდი სივრცე და დეკორი (თეთრი ფერის მარმარილოთი მოპირკეთებული კედლები) კარგად ერწყმის ერთმანეთს.
2015 წელს ლადო ალექსი–მესხიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი–ალბომი „ლადო ალექსი–მესხიშვილი“, რომლის ავტორია არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე და მეცნიერი – გიორგი ჯანბერიძე, ხოლო კონსულტანტი – ლადო ალექსი–მესხიშვილის მეუღლე, კინორეჟისორი და მთარგმნელი, ლანა ღოღობერიძე. სწორედ მათი მოგონებებითა და კომენტარებით დავასრულებთ ამ წინასაგამოფენო მიმოხილვას და ხელოვნებითა თუ არქიტექტურით დაინტერესებულებს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში, მომავალ გამოფენაზე ვეპატიჟებით – „ლადო ალექსი–მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“.
გიორგი ჯანბერიძე:
ლადო ალექსი–მესხიშვილი ერთ–ერთი გამორჩეული პერსონაა უახლესი ქართული არქიტექტურის ისტორიაში. მისი შემოქმედების არსებითი და ყველაზე ძლიერი მხარეა გარემოს სივრცითი ხასიათისა და მასშტაბის სწორად შერჩევა, შენობის ბუნებრივი შერწყმა გარემოსთან. რასაც ემატება დაგეგმარების სადა და მოხერხებული ფორმა. მისი არქიტექტურული ხედვა ყოველთვის ითვალისწინებს ახალი სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენებას, ახალი არქიტექტურული ფორმების ძიებას…
ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია ბატონი ლადოს მოღვაწეობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც მისთვის ჩვეული მგზნებარებითა და ინტერესით ასწავლიდა სტუდენტებს, ზრუნავდა ქართველი არქიტექტორების ახალი თაობების აღზრდაზე. ამავე დროს, ძალიან პოპულარული იყო თავად ახალგაზრდებს შორის, გამოირჩეოდა არტისტული ბუნებით, ღრმა ერუდიციითა და გამორჩეული პროფესიონალიზმით“.
ლანა ღოღობერიძე:
„ჩვენი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და დრამატულ ეპიზოდებს გავიხსენებდი. ჩვენს ერთად ყოფნას მეტწილად განსაზღვრავდა ლადოს პროექტები, მშენებლობა, არქიტექტურული იდეები და მეორეს მხრივ – ჩემი სამუშაო და ფილმები. ასე მგონია, რომ მისი პროექტების დაბადებასა და ხორცშესხმაში ვმონაწილეობდი… თან ეს ორი პროფესია – არქიტექტურა და რეჟისურა რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს, რადგან ერთი წარმოებასთან და მეორე – მშენებლობასთან არის დაკავშირებული. ორივე ძალთა უდიდეს კონცენტრაციასა და უამრავი დაბრკოლების გადალახვას მოითხოვდა.
1978 წელი იყო, როცა ლადო წავიდა ამქვეყნიდან. იმ დროს ვიღებდი ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. მაშინ უკვე ავადმყოფობდა, ფილმი დავამონტაჟე და ლადო გარდაიცვალა. მანამდე მითხრა – რა ბედნიერი ვარ, რომ გადაღებებში ხელი არ შეგიშალეო. ერთად დაახლოებით 20 წელი ვიცხოვრეთ, მანამდე იყო რამდენიმე წელი. ეს იყო მუდმივი, გაუთავებელი შემოქმედებითი ჭიდილი, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდიდა. მე არ მჯერა იდილიების, ცოლქმრობა და თანაცხოვრება სირთულეებში იჭედება. მერე ძალიან გამიჭირდა ლადოს გარეშე…. და მაინც, ცხოვრება არის დანაკარგების ჯაჭვი – სულ რაღაცას კარგავ, მაგრამ, ამავდროულად, რაღაცას იძენ. ჩემს ცხოვრებას სულ ახლდა დრამატიზმი, იყო ბევრი დარტყმა, დანაკარგი, მაგრამ მისი დაძლევით და ამის მიღმა მშვენიერებისა და სიბრძნის დანახვით ხდება ცხოვრება საინტერესო. მოკლედ, რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს – ძალიან ზუსტი ნათქვამია“.