უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ

პუბლიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის, ლუჰანსკისა და ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ნაჩქარევად გეგმავენ ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთთან მიერთებისთვის.

19 სექტემბერს ე.წ. რეფერენდუმების უახლოეს მომავალში გამართვაზე ინფორმაცია დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელდა. ადგილობრივი „სახალხო საბჭოების“ წევრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია ის მალევე გაიმართოს.

დღეს კი საოკუპაციო ძალებმა უკვე ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ იქაც დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს რეფერენდუმი. ოკუპირებული ხერსონის „სახალხო საბჭომ“ რეგიონის თვითგამოცხადებულ ლიდერს შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმების საჭიროებაზე დაიწყო საუბარი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც. მისი თქმით, ამ ტერიტორიების ანექსია გეოპოლიტიკურ ვითარებას შეცვლის.

„მას შემდეგ, რაც ჩატარდება [„რეფერენდუმები“] და ახალი ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში შევა, გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია მსოფლიოში შეუქცევადი გახდება. რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენის შემთხვევაშიც შეგვეძლება მთელი ჩვენი თავდაცვის ძალების გამოყენება“, – წერს მედვედევი.