რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 ათასი რეზერვისტი.
შოიგუს თქმით, ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებიან ისინი, ვინც იმსახურა ჯარში, ვისაც აქვს სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. ასევე, მან განაცხადა, რომ ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ გაგზავნას სტუდენტები და წვევამდელები არ დაექვემდებარებიან.
“რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“– განაცხადა სერგეი შოიგუმ.
ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ პუტინმა დღეს სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.