რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სამოქალაქო მოძრაობა „გაზაფხულმა“ (Весна) მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დააანონსა.
Нет могилизации (არა საფლავებიზაციას) – ამ მოწოდებით მოქალაქეები რუსეთის ყველა ქალაქში დღეს 19:00 საათზე აპირებენ შეკრებას.
„ათასობით რუს კაცს – ჩვენს მამებს, ძმებსა და ქმრებს ჩააგდებენ ომის ხორცსაკეპ მანქანაში. რისთვის უნდა დაიხოცონ ისინი? რატომ უნდა დაღვარონ ცრემლი ჩვენმა დედებმა და შვილებმა?“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დღეს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.
პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.
„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“– განაცხადა სერგეი შოიგუმ.