კონგრესის ქვედა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატის ბედი შეიძლება მეორე ტურში გადაწყდეს | არჩევნები აშშ-ში

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმებს ითვლიან.  წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში დიდი ალბათობით უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ მოიპოვებენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მათ უკვე 206 კონგრესმენის გაყვანა შეძლეს, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი 218-ია საჭირო.

საარჩევნო ოლქების ნაწილში უკვე დათვლილი ხმების მიხედვით, „დემოკრატებს“ კონგრესში ჯერჯერობით 176 წარმომადგენელი ჰყავთ. დარჩენილი მანდატების დიდ ნაწილშიც ისინი ლიდერობენ, მაგრამ ამერიკული მედიის პროგნოზით, „რესპუბლიკელები“ 218-ზე მეტი კონგრესმენის შეყვანას შეძლებენ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში.

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, ვინ მოიპოვებს უმრავლესობას კონგრესის ზედა პალატაში – სენატში. ამ არჩევნებამდე სენატორები შუაზე იყოფოდნენ, ორივე პარტიას 50-50 სენატორი ჰყავდა. ახლა კი, წინასწარი მონაცემებით, „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მხრიდანაც 48-48 სენატორმა მოიპოვა ხმების უმრავლესობა.

დარჩენილი შტატებიდან, „რესპუბლიკელებს“ დიდი უპირატესობა აქვთ ალასკაში, ასევე მათი კანდიდატი ლიდერობს ჯერჯერობით ნევადის შტატშიც, რომელშიც „რესპუბლიკელები“ მოქმედ „დემოკრატ“ სენატორს ამარცხებენ.

სამაგიეროდ „დემოკრატების“ კანდიდატი ლიდერობს არიზონაში. ასევე პირველ ადგილზეა მათი კანდიდატი ჯორჯიის შტატში, თუმცა იქ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50%-ზე მეტი და მეორე ტური დაინიშნება.

შესაბამისად, თუკი ნევადას „რესპუბლიკელები“ მოიგებენ, ხოლო არიზონაში „დემოკრატების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, სენატის ბედს ჯორჯიის შტატში გამართული მეორე ტური გადაწყვეტს. რადგან „რესპუბლიკელებს“ 50 სენატორი ეყოლებათ, „დემოკრატებს“ კი – 49. ხოლო თუკი სენატორები კვლავინდებურად შუაზე გაიყოფიან, გადამწყვეტ ხმას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მიიღებს, რომელიც „დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს.

ბოლო არჩევნების შემდეგ კონგრესის ქვედა პალატაში მყიფე უმრავლესობას „დემოკრატები“ ფლობდნენ, სენატსაც ისინი აკონტროლებდნენ კამალა ჰარისის ხმით. თუმცა, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში „რესპუბლიკელების“ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას ვარაუდობდნენ, რასაც „წითელი ტალღაც“ კი უწოდეს.

„რესპუბლიკელების“ მეტ წარმატებას ელოდნენ პოლიტიკის სპეციალისტებიც, რადგან, აშშ-ის გამოცდილებით, როგორც წესი, შუალედურ არჩევნებში იმ დროს ოპოზიციაში მყოფი ძალა აღწევდა მნიშვნელოვან წარმატებას.

კონგრესის პარალელურად შტატების ნაწილში გაიმართა გუბერნატორის ან ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები, მოსახლეობამ არაერთ შტატში დააფიქსირა თავისი პოზიცია აბორტის შეზღუდვასთან ან მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებითაც.

ამერიკული მედიის ყურადღება ფლორიდის გუბერნატორის არჩევნებმა მიიპყრო. ფლორიდაში, რომელიც გამოკვეთილად „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერი მოსახლეობა არ ცხოვრობდა, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა რონ დესანტისმა, რომელმაც შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყაროს კენჭი.

დესანტისმა ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვა „რესპუბლიკური პარტიის“ ამომრჩეველში და თუკი ისიც და დონალდ ტრამპიც გადაწყვეტენ კენჭი იყარონ, დესანტისი, სავარაუდოდ, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.