რამზან კადიროვის ცოლს ვლადიმერ პუტინმა „გმირი დედის“ წოდება მიანიჭა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ცოლს „გმირი დედის“ წოდება მიანიჭა. მედნი კადიროვა გახდა პირველი ქალი, რომელსაც საბჭოთა ტრადიციის აღდგენის შემდეგ რუსეთში ეს წოდება მიენიჭა. კადიროვას გარდა ასეთი წოდება მიანიჭეს 10 შვილის დედას ოლგა დეხტიარენკოს.

„გმირის დედის“ წოდება პუტინის ინიციატივით წელს აღადგინეს და ითვალისწინებს იმ დედების დაჯილდოებას, ვისაც 10 ან მეტი შვილი ჰყავს. ხოლო როგორც რუსული მედია წერს, რამზან კადიროვმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ მას 14 შვილი ჰყავდა. „გმირი დედის“ წოდების მინიჭებასთან ერთად ქალები ოქროსა და ბრილიანტისგან დამზადებულ მედალს და ერთჯერადად 1 მილიონ რუბლს მიიღებენ.

„გმირი დედის“ წოდება თავდაპირველად საბჭოთა კავშირში, 1944 წელს შემოიღეს, რათა შობადობა წაეხალისებინათ. საბჭოთა პერიოდში ეს წოდება დაახლოებით 430 000-მა ქალმა მიიღო.