აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი დღეს ანკარაში ჩავიდა, სადაც თავის რუს კოლეგას, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან უნდა ისაუბროს.
როგორც CNN წერს, ბერნსი ნარიშინკთან უკრაინის საკითხზე არანაირ მოლაპარაკებას არ გამართავს, შეხვედრის შესახებ კი კიევი გაფრთხილებული იყო.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის თქმით, ბერნსი ნარიშკინთან რისკების მართვის საჭიროებას განიხილავს, კერძოდ, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რამაც შეიძლება სტრატეგიულ სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე.
ასევე ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამერიკული და რუსული დელეგაციები მოსკოვში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლების ან პატიმრების გაცვლის საკითხს განიხილავენ. ვაშინგტონი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის პოლ უილენის გათავისუფლებას ცდილობს.
„ის არ განიხილავს უკრაინაში ომის გადაწყვეტის გზებს. მხოლოდ გზავნილს გადასცემს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას რა შედეგები მოჰყვება და განიხილავს სტრატეგიული სტაბილურობისთვის შექმნილ რისკებს. ის ასევე დააყენებს საკითხს აშშ-ის უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეების შესახებ“, – აცხადებენ ვაშინგტონში.