ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორად 4 წლით აირჩიეს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია 4 წლით აირჩია, – ამის შესახებ კენჭისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა და ის მოქმედი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია იყო.

„აკადემიურმა საბჭომ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია უნივერსიტეტის ახალი, 30-ე რექტორი, ჯაბა სამუშია…”, – განაცხადეს ბრიფინგზე.

მათივე თქმით, აკადემიური საბჭო 38 წევრისგან შედგება, არჩევნებზე გამოცხადდა 32 მათგანი, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2, გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო 30 ხმა. 

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ის 6 თვის ვადით დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად და უფლებამოსილების ვადებში უნდა დაენიშნა ახალი რექტორის არჩევნები. როგორც აღმოჩნდა კონკურსი დანიშვნიდან 2 თვეში გამოაცხადა.