ჯაბა სამუშია: დაბადებიდან არა, მაგრამ 13 წლიდან თსუ-ელი ვარ

პუბლიკა

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ 4 წლის ვადით უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩია. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ჯაბა სამუშია მონაწილეობდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სამუშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, აკადემიურმა საბჭომ ნოემბერში გამოაცხადა არჩევნები და სურვილის შემთხვევაში, სხვა კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ.

„საარჩევნო პერიოდი დაახლოებით თვე-ნახევარი მიმდინარეობდა. 15 ნოემბერს მიიღო საბჭომ რექტორის არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. დღეს 27 დეკემბერია. ამ პერიოდში აბსოლუტურად ყველას ჰქონდა უფლება, შემოეტანათ, რატომ არ შემოიტანეს არ ვიცი.“ – განაცხადა სამუშიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, რას უპასუხებს მის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კრიტიკას  –

„მე მათ ვთხოვ, ჰკითხონ ამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც მთელი ჩემი ცხოვრება ამ უნივერსიტეტში მაქვს გატარებული. ეს უნივერსიტეტი ჩვენია, ეს არის ჩვენი სახლი, თითოეული უნივერსიტეტელისთვის. დაბადებიდან არა, მაგრამ 13 წლიდან თსუ-ელი ვარ და ძალიან მეამაყება.“ – აცხადებს სამუშია.

სტუდენტურ საცხოვრისსა და რექტორის არჩევნების წესთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ საცხოვრისის საკითხი დაძრულია და ასევე, მზად არის, რექტორის არჩევის წესის ცვლილებებზე ესაუბროს სტუდენტებს.

„ჩვენ სტუდენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. არ არსებობს საკითხი და თემა, რომელთაც არ განვიხილავ მათთან ერთად. ბუნებრივია, ეს არის მიზეზი, რომ დღეს ჩვენ მშვიდ გარემოში ჩავატარეთ არჩევნები. საცხოვრისის თემა ჩემი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის პირველივე დღეს დაიძრა და ნებისმიერ საკითხი, რომელიც ჩვენს კომპეტენციაშია, უნივერსიტეტის ინტერესების შესაბამისად გადაწყდება. ჩვენ გუშინ შევთანხმდით, რომ შესაბამის ჯგუფთან ერთად, სენატის სტუდენტურ წარმომადგენლობასთან ერთად შეუძლიათ ეს დისკუსია დაიწყონ. დისკუსიისთვის კარი ყოველთვის ღიაა.“ – განაცხადა სამუშიამ.