რა ჩვენება მისცა სააკაშვილის მდგომარეობაზე „ვივამედის" ნევროლოგმა

პუბლიკა

კლინიკა „ვივამედის” ნევროლოგი თამარ აბაშიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე 29 დეკემბერს გამოიკითხა. მან მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, რომელიც სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობს.

მისი თქმით, ნევროლოგიური თვალსაზრისით სააკაშვილი მძიმე პაციენტია. მისი გამოჯანმრთელების დაწყებისთვის, ხელშემშლელია ის გარემო, სადაც არის. მან ასევე აღნიშნა, რომ „ვივამედის” კვლევებით, არ დადასტურდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამოწვეულია მძიმე მეტალების მოწამვლით.

კითხვა-პასუხის ფორმატში გთავაზობთ მისი გამოკითხვიდან ძირითად ეპიზოდებს. 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე:

– 25 მაისს მას ჰქონდა გონების კარგვა, თქვენ როდესაც გასინჯეთ, რამდენიმე საათის შემდეგ, დააკავშირეთ ეს ორთოსტატიკურ სინკოპესთან და ასევე გაეცით რეკომენდაცია ინტოქსიკაციის გამომწვევის აგენტების კვლევასა და დიაგნოსტირებაზე. როგორიცაა, ლუმბარის ფუნქცია, თიამინის ცვლის შესწავლა და მოითხოვეთ პოლინეიროპათიის კვლევა. რატომ დანიშნეთ ეს კვლევები?

– ამ კვლევებზე ფიქრი და მსჯელობა გვქონდა შემოსვლისთანავე. იმიტომ, რომ დიაგნოზი, რომელიც დასმული იყო ჩემ მიერ ჯერ კიდევ ზამთარში, გარკვეულ კვლევებს მოიცავდა და გულისხმობდა, რომ გაგრძელებულიყო გარკვეული კვლევები. რომ შემოვიდა პაციენტი ჩვენთან, ის სიმპტომები, რაც მანამდე ვნახე – 31 დეკემბერსა და 12 მაისს, განსხვავდებოდა და იყო დინამიკაში გაუარესებული. ეს არ იყო მწვავე პროცესი, მაგრამ იყო მიმდინარე, გაღრმავებადი პროცესი… თუნდაც ეს გონების კარგვის ეპიზოდი, რადგანაც კითხვის ნიშნებს ტოვებდა და ხელმოსაჭიდი, მისი მდგომარეობის ასახსნელად, გარდა კვებითი დეფიციტით გამოწვეულისა, სერიოზული მიზეზი ვერ ვნახეთ, არ ვკმაყოფილდებოდით მხოლოდ ერთი მიღწეული შედეგით და ვცდილობდით, რომ კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა კვლევები და მეტი გვენახა, ხომ არაფერი რჩევა ჩვენი ყურადღების მიღმა.

…მაგრამ, რა თქმა უნდა იყო ეჭვი, ზოგადად ინტოქსიკაციაზე. ან თუნდაც ავტოიმუნურ მდგომარეობებზე და ამ კითხვისთვის მინდოდა, რომ პასუხი მომეძებნა. ამიტომ იყო გაცემული რეკომენდაცია მათ შორის მძიმე მეტალების კვლევაზე.

– მათ შორის თალიუმი, მერკური, დარიშხანი და რკინა, ხომ?

– დიახ.

– ანუ თქვენ ამაზე ეჭვი მიიტანეთ იმიტომ, რომ ჰქონდა მთელი რიგი სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამომდინარე ყოფილიყო მისი ტოქსიკოლოგიიდან?

– დიახ

– დინამიკაში, შემოსვლიდან დღემდე როგორ დაახასიათებთ ამ პაციენტის მდგომარეობას?

– გარკვეულ ეტაპზე გვქონდა გაუმჯობესება, როდესაც საკვების მიღების პროცესი განახლდა. ეს არ იყო სრულყოფილი, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო უკეთესი, ვიდრე არაფერი.

აი, ამ პერიოდში იყო გარკვეული გაუმჯობესება ემოციურადაც, ნევროლოგიურადაც, განწყობითაც, ლაბორატორიული მონაცემებიც სტაბილური იყო. შემდგომ, გარკვეული პერიოდიდან მოხდა უკვე მდგომარეობის შეცვლა. ეს იყო აგვისტოს ბოლოდან- სექტემბრის დასაწყისიდან წამოვიდა უარყოფითი დინამიკა.

ბოლო თვეებში არის უფრო გამოხატული უარყოფითი დინამიკა ნევროლოგიური თვალსაზრისით. თუმცა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არ არის გაუარესებული. სტაბილურია, მკვეთრად გამოხატული პათოლოგიური ცვლილებები ლაბორატორიული-ინსტრუმენტული კვლევებითა და ჰემორაგიული მაჩვენებლებით არ გვაქვს.

– რა და რა დიაგნოზებია უშუალოდ თქვენს მიერ დასმული?

– ჩემს მიერ დასმულია პოლინეიროპათიისა [ნერვული სისტემის დაავადება] და ენცეფალოპათიის [თავის ტვინის დაზიანება] დიაგნოზი. დაუზუსტებელი ეტიოლოგიის…

– დამძიმდა თუ არა მისი მდგომარეობა განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც მასთან პალატაში მივიდნენ პროკურორი და მოსამართლე და უპირებდნენ სასამართო პროცესის ჩატარებას? და მერე მთელი ის კადრები, რაც პენიტენციურმა სამსახურმა აჩვენა მთელ საქართველოს.

– მას ჰქონდა ძლიერი ფსიქომოტორული აღგზნება, იმის შემდგომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.

– საგრძნობლად თუ როგორ გაუარესდა?

– საგრძნობლად გაუარესდა.

– …რომელიმე ნაწილში თუ ნახეთ რომ დინამიკაში მისი მდგომარეობა უმჯობესდება?

– სომატური თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ სტაბილიზაცია არის. ეს უფრო ალბათ მკურნალმა ექიმმა უნდა თქვას.

– ნევროლოგიის კუთხით სიტუაცია რატომ უნდა უარესდებოდეს? რა არის გამოსავალი?

– ნევროლოგიის თვალსაზრისით მუდმივი მონიტორინგია. ლაბორატორიულ კვლევებზე გითხარით. ინსტრუმენტული კვლევებით, გარკვეულწილად არის სტაბილიზაცია. გაუარესება არ არის. ანუ ინსტრუმენტული კვლევებით გვაქვს სტაბილური მდგომარეობა.

გასინჯვით კი რასაც ვხედავთ არის, ენცეფალოპათიისა და პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რჩება და კიდევ უფრო ღრმავდება და უარესდება. და გამოხატული არის მთელი რიგი სიმპტომური კომპლექსით.

ეს ჩემი აზრით დაკავშირებულია იმასთან, რომ ფსიქო-ნეირორეაბილიტაციის პროცესის დაწყება იწელება. ხანგრძლივდება დროში.

– დინამიკისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია?

– ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია.

– ის მკურნალობა, რომელიც „ვივამედში” ჩაუტარდა ნევროლოგიის კუთხით, რაიმე დადებითი შედეგი გამოიღო?

– დადებით შედეგს ვერც გამოვიღებთ თუ არ დავიწყებთ ფსიქო-ნეორორეაბილიტაციას. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტოზურ ნაწილს და რეაბილიტაციის ნაწილს, ეს რეაბილიტაციური ნაწილიც სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური… თუმცა ყველა გასინჯვა, კონსულტაცია მთავრდება ხოლმე რეკომენდაციით, რომ დღის წესრიგში რჩება ნეირორეაბილიტაციის დაწყება.

– რაღაც ხომ უტარდება.

– მასაჟი. მაგრამ იღლება ძალიან მალე, თან სრულყოფილი არაა. თან რეაბილიტაცია მასაჟი არაა მხოლოდ.

– ფიქრობთ თუ არა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება და გაუჩნდება შანსი გამოჯანმრთელების, თუ გადაყვანილი იქნება საზღვარგარეთ მაღალკვალიფიციურ კლინიკაში?

– ამის კომპეტენცია მე არ მაქვს, სად და როგორ. სრულყოფილი მკურნალობა აუცილებელია, რა თქმა უნდა, და სადაც ჯობია…

– ეს ორი დიაგნოზი, რომელიც თქვენს მიერ არის დასმული შედის დემენციის დიაგნოზებში?

– შეიძლება დემენცია გამოიწვიოს. ანუ გახანგრძლივებულმა, არანამკურნალევმა მდგომარეობამ, ენცეფალოპათიამ, შეიძლება გარკვეულწილად გამოიწვიოს დემენციისთვის დამახასიათებელი უფრო მკვეთრი ნიშან-თვისებები.

– თქვენ როგორც ექიმმა, რატომ მაინცდამაინც ამ ნივთიერებების ტოქსიკოლოგიაზე მიიტანეთ ეჭვი?

– ეს სტანდარტია. ეს არის ის ნივთიერებები, ტოქსიკური მძიმე მეტალები, რომელიც ყველაზე ხშირად არის ხოლმე ასოცირებული ინტოქსიკაციებთან. „კონკრეტულად დარიშხანი ან ვერცხლისწყალი ხომ არ მიაწოდეს” – მე ასეთი გათვლა ნამდვილად არ მქონია. ეს იყო ყველაზე უფრო ხშირად მომწამვლელი ნივთიერებები.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის შეკითხვები:

– რას გულისხმობთ რეაბილიტაციაში ქალბატონო თამარ?

– რეაბილიტოლოგმა უნდა დაადგინოს გეგმა. არსებობს ეს გეგმაც, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ვერ დავიწყეთ.

– ძირითადი მიზეზი ამისა რა არის?

– პაციენტის ზოგადი მდგომარეობა – ზოგადი სისუსტე, ტემპერატურული რეაქციები, ემოციური მდგომარეობა, განწყობა, საკვების მიღების მკვეთრი გაძნელება, წონაში კლება, ამ ფაქტორების გამო, „დღეს კი არა მოდი, ხვალ [დავიწყოთ]”. გადადებულია ეს პროცესი და მოქმედებაში ვერ მოვიყვანეთ.

– შეიძლება თუ არა ითქვას ის, რომ პაციენტისგანაც გჭირდებათ მზაობა, რომ აგიბათ მხარი, რათა რაღაც უფრო კარგი შედეგი მივიღოთ?

– გვქონდა ამის მცდელობა, იყო ფსიქიატრი რამდენჯერმე, ჰქონდათ საუბარი, უბრალოდ როგორც პაციენტი ამბობს, მას ძალიან უჭირს იმ გარემოში ფსიქოლოგთან ურთიერთობა.

– … პოლინეიროპათიისა და ენცეფალოპათია, არ იკურნება, ეს ყველა იცის, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია თუ არა?

– შესაძლებელია.

– და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შესაძლებელია თქვენს კლინიკაში?

– არ ვარ კომპეტენტური ამაზე პასუხის გასაცემად. ასეთი პაციენტი არ მიმართია. შესაბამისად, როგორ გაგცეთ პასუხი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს, ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმის მიხედვით, როგორც იცვლება პაციენტის მდგომარეობა.

– ტოქსიკოლოგიურ კვლევებზე მაქვს შეკითხვა, ეს იყო მხოლოდ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის? ანუ ერთნაირი სიმპტომატიკის დაავადებები ერთმანეთისგან რომ გაგვემიჯნა?

– როდესაც ჩვენ გვაქვს რაიმე სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც პასუხს ვერ ვცემთ – გაკეთდა ერთი ანალიზი, მეორე და არსებული ჩივილის გამომწვევი მიზეზი [ვერ ვნახეთ]; ვეკითხებით ხოლმე პაციენტებს, ხომ არ იყო საღებავებთან, ხომ არ იყო დიდხანს გაუნიავებელ ოთახში. ანუ, ჩვენ ვეძებთ. ეჭვი მაქვს კი არა, უბრალოდ ვეძებთ.

– თვლით, რომ პაციენტი სააკაშვილის სიმპტომოკომპლექსი, შეიძლება თუ არა, რომ იყოს გამოწვეული მძიმე მეტალებით მოწამვლით?

ჩვენს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით ეს არ დადასტურდა, შემდგომ როდესაც ვნახეთ უცხოელი ექსპერტების კვლევები, გამოვიძახეთ ტოქსიკოლოგი და ეს კითხვები მას დავუსვი მე. მან გასცა პასუხი, მე არ ვარ კომპეტენტური ამაში, რომ ვთქვა, რომ არის მოწამლული ან არ არის. ეს ჩემი კომპეტენცია არანაირად არაა.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე:

– ეს ადამიანი არ ჭამს თუ ვერ ჭამს საკვებს?

– ჩივილი არის, „რომ ვერ ვიღებ საკვებს”… პროტესტი არ გამოუთქვამს, ანუ არ ვიღებ საკვებს, იმიტომ, რომ რაღაცას ვაპროტესტებ, ასეთი რამ არ გაჟღერებულა. შესაბამისად, პაციენტი წარმოადგენს ჩივილს და მეც ვახმოვანებ მის ჩივილს.

– თუ მართავთ მის მდგომარეობას, რატომ აქვს 38 გრადუსი სიცხე აგვისტოდან მოყოლებული?

– ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, ამის მიზეზი მიკვლეული არ იქნა, სწორედ ამიტომ ჩართული იყვნენ ფთიზიატრები პროცესში, რომ ბოლომდე ყოფილიყო გარკვეულიყო ეტიოლოგია. ცხელების სომატური მიზეზი დადგენილი არაა, შესაძლოა ეს იყოს ცენტრალური წარმოშობის ცხელება, როდესაც არის თუნდაც ენცეფალოპათია, მას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები.

– როგორც თქვენ თქვით, მისი სომატური მდგომარეობა სტაბილურია, წონაში რატომ იკლებს მაშინ ეს ადამიანი?

– ბოლო ორი თვის განმავლობაში მართლაც ძალიან თვალშისაცემია უარყოფითი დინამიკა წონის თვალსაზრისით. შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მთავარი ჩივილი იყო კვების მიღების შეუძლებლობა, თითოეული ლუკმის მიღება იყო ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, მისგანაც ნამდვილად იყო სურვილი, რომ დაეწყო საკვების მიღება. თვე-ნახევარი გაგრძელდა ის, რომ დაიწყო საკვების მიღება მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მცირე რაოდენობით, მაგრამ დაიწყო. შემდგომ უკვე ისევ დაიწყო საკვების მიღების გაძნელება, ამას დაერთო მკვეთრად გამოხატული ემოციური ფონი, შფოთვა, მოუსვენრობა, ნევროლოგიური სიმპტომატიკა გაუარესებულია, ეს გასინჯვითაც ობიექტურია. არის გაუარესებული.

მაინც ვფიქრობ, რომ საკვების მიღების ასეთი ფორმატი არის დაკავშირებული წონის კლებასთან.

– თქვენ კი თქვით, რომ აკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ ხელთაა. მაგრამ ეს საკმარისი რომ არაა, ცხადია. გამოსავალს რაში ხედავთ, რა უნდა გაკეთდეს? დინამიკაში უარესდება ეს ადამიანი. ასე გაგრძელდა, შეიძლება გარდაიცვალოს?

– ნევროლოგიური თვალსაზრისით პოლინეიროპათია და ენცეფალოპათია ლეტალურ გამოსავალთან დაკავშირებული არის ხანგრძლივი პროგნოზით, ეს დიაგნოზები ლეტალურ გამოსავალთან ახლოს არაა.

– თუ სიცხე არ ალაგდება, წონაში კლება არ შეჩერდება, რეაბილიტაცია როგორ უნდა ჩაუტარდეს ამ ადამიანს?

– სწორედ საკვების მიღების დაწყებისთვის არის საჭირო ფსიქოლოგის აქტიური ჩარევა. ფსიქიატრის მიერ დასმულია გახანგრძლივებული დეპრესიული სინდრომის დიაგნოზიც… თუნდაც ეს დიაგნოზი არის ხელისშემშლელი გამოჯანმრთელების დაწყებისთვის, თუნდაც ის გარემო, სადაც არის, რა თქმა უნდა, არის ხელშემშლელი გამოჯანმრთელების დაწყებისთვის.