ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ, მოკლულია დაცვის უფროსი

პუბლიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.

„თავდამსხმელმა გაარღვია დაცვის პოსტი და მოკლა დაცვის უფროსი კალაშნიკოვის ავტომატით“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა ორი ადამიანი. დაწყებულია გამოძიება.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც საელჩოს დაზიანებული კარი და ჩამტვრეული ფანჯარა ჩანს.

თეირანის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და თავდასხმის მოტივს კი იძიებენ.

Aljazeera-ს ცნობით, ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim პოლიციის უფროსს ციტირებს და იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი საელჩოში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შევიდა და შესაძლოა მოტივი „პირადი საკითხები“ ყოფილიყო.