„სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი“ - აბაშიძე ადასტურებს კარასინთან საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას

პუბლიკა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. ის ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას და ამბობს, რომ ორჯერ მოისმინა ის და ვერ ხვდება ამაში „სასკანდალო რა არის“.

1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ  გრიგორი კარასინთან აღნიშნული საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მიმოსვლის მხრივ რთული ვითარება შეიქმნა. მისი თქმით, კარასინთან კავშირი ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში ჰქონდა.

„ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

ჩანაწერის მიხედვით ზურაბ აბაშიძე კარასინს აწვდის ინფორმაციას ლარსის მიმართულებით მიმდინარე პარალელური მაგისტრალის მშენებლობის შესახებ.

ამ ჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ასევე დაგეგმილია „ლელოსა“ და სხვა პარტიებში რამდენიმე სპეციალური ბრიფინგი ამ საკითხზე.