ცნობილი განელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა. ატსუს ცხედარს ნანგრევებში 12 დღის შემდეგ მიაკვლიეს. ატსუს აგენტის თქმით, დაღუპული ფეხბურთელი თავისი სახლის ნანგრევებში იპოვეს.
„კრისტიან ატსუს ყველა კეთილის მსურველისთვის დიდი მწუხარებით უნდა განვაცხადოთ, რომ ნანგრევებიდან მისი ცხედარი ამოასვენეს“, – განაცხადა მისმა აგენტმა.
გასულ კვირას მცდარი ცნობები გავრცელდა, რომ ატსუ ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში იმყოფებოდა. მოგვიანებით, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ეს ტყუილი იყო.
კრისტიან ატსუ თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობდა „პორტუში“, „ვიტესში“, „ჩელსიში“, „ევერტონსა“ და „ნიუკასლში“. ბოლოს ის ჰატაის პროვინციაში კლუბ „ჰატაისპორისთვის“ თამაშობდა. მიწისძვრის წინა საღამოს, 5 თებერვალს მან გამარჯვების გოლიც გაიტანა.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ თითქმის 40 000-ს მიაღწია. რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული სირიაშიც.