სან-ფრანცისკოსთან მყოფ საკრუიზო გემზე 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

სან-ფრანცისკოსთან გაჩერებულ საკრუიზო გემზე, რომელსაც პორტში ღუზის ჩაშვება აუკრძალეს, 21 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ Reuters ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თქმით, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ხელმძღვანელად დაინიშნა, საკრუიზო გემ Grand Princess-ს არაკომერციულ, სპეციალურ პორტში გადაიყვანენ, სადაც გემზე მყოფ 2400 მგზავრსა და ეკიპაჟის 1100 წევრსაც გამოიკვლევენ.

„მათ ვისაც სჭირდებათ კარანტინში ყოფნა, მოათავსებენ. ასევე, მათ ნაწილსაც, ვისაც დამატებით სამედიცინო მზრუნველობა დასჭირდება, იქ მიიღებენ“, – განაცხადა პენსმა ჟურნალისტებთან.

კორონავირუსით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 55 000-ზე მეტმა გამოჯანმრთელება მოახერხა, 3 000 კი დაიღუპა. ვირუსი მსოფლიოს 90-მდე ქვეყანაშია შესული.