თანხმობისთვის არგუმენტები მჭირდება - ხუნდაძე ოპოზიციის და ხელისუფლების დღევანდელ შეთანხმებაზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტვ “პირველის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სჭირდება დამატებითი არგუმენტები, რათა მხარი დაუჭიროს ოპოზიციისა და ხელისუფლების  დღევანდელ შეთანხმებას.

“მე ხომ გულთმისანი არ ვარ რომ ვიცოდე წინასწარ რა არგუმენტები აქვთ მათ. დამატებითი არგუმენტები მჭირდება და გეოგრაფიული რუკა როგორ ხდება 30 მაჟორიტარის გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით. ჩემი თანხმობა ეს ხომ არ არის ხათრით ნაკარნახევი, უნდა იყოს არგუმენტირებული. ეს არგუმენტები მჭირდება მე.” – ასე უპასუხა დიმიტრი ხუნდაძემ ტვ “პირველის” ჟურნალისტს. დიმიტრი ხუნდაძე 2019 წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ დაეთანხმა და სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებას დაუჭირა მხარი 2019 წლის ნოემბერში.

დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ საარჩვნო სისტემაში ცვლილებებზე შეთანხმდნენ და საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს.