ჩვენი მიზანი მიღწეულია - ხუნდაძე დღევანდელი შეთანხმებით კმაყოფილია

პუბლიკა

დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ საარჩვნო სისტემაში ცვლილებებზე შეთანხმდნენ და საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის სხდომა გაიმართა “ქართული ოცნების” ოფისში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით მათი მიზანი მიღწეულია და 120/ 30 საარჩევნო მოდელზე გადასვლაზე შეთანხმებით კმაყოფილია.

“მას შემდეგ რაც მოვისმინე არგუმენტები და გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია – ის, რომ ქვეყანა იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული არ შევა კრიზში; ის, რომ მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, თეორიულ ვარიანტს ვგულისხმობ, შემდგომი არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლით. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა და მას არ ჰქონოდა საფუძველი ქუჩაში ყოფნის. ჩვენი მიზანი იყო რომ პრობლემა არ ჰქონოდა ქვეყანას. ” – განაცხადა ხუნდაძემ.