„მივესალმებით 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეულ შეთანხმებას და მას დემოკრატიულ წინსვლად ვაფასებთ”, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
„იმავდროულად, ვწუხვართ, რომ, დოკუმენტის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის იქით გადაიწევს. მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს.
ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების ტექსტის და საკანონმდებლო მუშაობის ლოგიკის კვალდაკვალ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქვს სკურპულოზური სამუშაო, რომელმაც, ერთი მხრივ, პროპორციული არჩევნების შედეგების სამართლიანი განაწილებას წესი, ხოლო, მეორე მხრივ, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უნდა დაადგინოს. საია იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება, ზემოაღნიშნული შეთანხმება კი, საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვას. ეს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, კენჭისყრის დღეს არჩევანი ესკალაციისა და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს, რაც სტაბილური განვითარების წინაპირობაა”, – წერს საია.
ოპოზიციასა და ხელისიფლებას შორის შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.