გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ თბილისში ჩამოვა

პუბლიკა

ხვალ, 23 მარტს თბილისში ჩამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი – ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა“, – აცხადებს საელჩო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.

სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.