„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. საქმის განხილვა დღეს დაიწყო და პირველი სხდომა უნდა გამართულიყო. თუმცა საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი პროცესზე არ გამოცხადდა, რის გამოც მას სახაზინო ადვოკატი უნდა დაუნიშნონ. საქმის პროკურორორმა სწორედ ეს დაასახელა სასამართლო პროცესის გადადების მიზეზად.
ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს. „ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან.
ადეიშვილი პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და საერთო ჯამში, ძირითად სასჯელად 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე კი ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.
ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
სააპელაციო სასამრთლოში შემდეგი პროცესი 30 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა.