სტრასბურგმა 2008 წლის ომზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის ჯამში 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.

დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყოს მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში“ ჩადენილი დანაშაულების – მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების გაძარცვისა და გადაწვის, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაკავების, ქართველი სამხედრო ტყვეების წამების, აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს მოქალაქეების შინ დაბრუნების აღკვეთის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა, 2022 წლის 16 მარტს და აღარაა კონვენციის მომხრე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს არ ათავისუფლებს მას კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან იმ ქმედებაზე, რომელიც კონვენციის მხარდამჭერის პერიოდში ჩაიდინა.

 


2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდებოდა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

საქმე 12 წლის განმავლობაში განიხილებოდა. საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, ხოლო სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარუდგინა. საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა.

საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებსა და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი ქონების წინააღმდეგ.

სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, ასევე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.