თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu-ის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 95.45%. პირველადი შედეგები ასევე ნაწილდება:
- მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 49.5%;
- გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ – 44.79%;
საპარლამენტო არჩევნებში სამი ალიანსი მონაწილეობდა. ესენია: ერდოღანის „სახალხო ალიანსი“, რომელსაც ნაციონალისტური და ულტრანაციონალისტური – ისლამური პარტიების მხარდაჭერა აქვს; „ეროვნული ალიანსი“, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალაა და 6 ოპოზიციურ, განსხვავებული იდეოლოგიის პარტიას აერთიანებს და მესამე – „შრომისა და თავისუფლების ალიანსი“, მემარცხენე იდეოლოგიის პარტიებით დაკომპლექტებული.
ერდოღანი 20-წლიან მმართველობას ითვლის – 2003 წლიდან 2014 წლამდე ის პრემიერი-მინისტრის რანგში მართავდა ქვეყანას, 2014 წლიდან კი – როგორც პრეზიდენტი.
„სწორ დროს, სწორი ადამიანი“ – ასეთი იყო ერდოღანის საარჩევნო კამპანიის სლოგანი. ამ შინაარსის წარწერებითაა აჭრელებული სტამბოლის ქუჩები. ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ერდოღანის ეს მესიჯი ხალხში, გარკვეულწილად, ბრაზსა და ირონიას იწვევდა.
თითებით მოხაზული გული – ეს გახდა ოპოზიციის მხარდაჭერის ნიშანი. ოპოზიციისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც გულს გამოსახავენ.