„ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა" – ეროვნული ბანკის განმარტება

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 2.8791 ლარს შეადგენს, ხოლო ევროს კურსი 3.2591 ლარია.

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით გაურკვევლობა გამოიწვია, რაც ფინანსური მოლოდინის არხით ფინანსურ ბაზრებს გადაეცა.

„აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება. მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.  მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის”, – წერია განცხადებაში.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტებები გააკეთეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებმაც.

„ლარზე ბევრს ვერავინ ვერაფერს იტყვის. ფაქტია, რომ ნამდვილად ეგეთი შოკია მსოფლიოში, რომ ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით, რა ხდებოდა რუსეთში?! იცით, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში. დღეების მიხედვით ლარის კურსზე კომენტარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, რეგიონში ვალუტის გაუფასურების მიზეზი, როგორც კორონავირუსი, ასევე ნავთობის ფასის ვარდნაც გახდა.

„[პანდემია] აისახება გლობალურად, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, საფინანსო ბაზრებზე. ჩვენ ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში – რუსეთში რუბლი 16-17%-ით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს ნავთობის ფასის ვარდნაც. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას და 3%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში ნეგატიური მოლოდინის ფონზე, გარკვეულწილად სპეკულაციური, მოკლევადიანი ზეგავლენა”, – განაცხადა თურნავამ.