„დენდროლოგიური პარკის" ოფიციალური მესაკუთრე ეკატერინე ხვედელიძე გახდა

პუბლიკა

შეკვეთილის „დენდროლოგიური პარკის“ შესახებ მსჯელობა კვლავ აქტუალური  მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნულ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაციის ფონზე სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს „სამარცხვინო“ უწოდა.

ჯაშის ვარაუდით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ფილმი არ მოსწონთ, ისაა, რომ ფილმი არ აჩვენებს, რომ ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი ხალხს აჩუქა.

ფილმის სინოფსისში ნათქვამია, რომ ეს არის ოდა, რომელიც ადამიანსა და ბუნების დაპირისპირებას ეძღვნება. ძლევამოსილი ადამიანი ყიდულობს ასწლოვან ხეებს და თავის კერძო ბაღში გადააქვს. გზა ბაღამდე სოფლებზე, მთებზე, ზღვაზე გადის. სინოფსისის მიხედვით, ფილმი წარმოაჩენს ქართველი სოციუმის საჭიროებებს, რეფლექსიაა მიგრაციის პრობლემებზე, სადაც „ამოძირკვა“ მეტაფორაზე მეტია.

სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, Postv-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ამბობს, რომ „სხვა პრობლემა ამ ფილმთან არაა და ამის გამოსწორება შეიძლება ერთი ტიტრით”.

„ეს ფილმი შეიძლება, იყოს შედევრი. უბრალოდ, ფილმი, რომელიც მეუბნება მე, რომ დოკუმენტური კინო ვარ და გიყვები რაღაცაზე სიმართლეს… რა არის დოკუმენტური კინო? – გიყვები რაღაცაზე, ფაქტობრივ გარემოებებს ავსახავ მე, შეიძლება ფიქტიურად და დადგმულად, მაგრამ ფაქტობრივ გარემოებებს ვამდიდრებ მე ამისთვის.

მიზანმიმართულ პოლიტიკურ ტყუილს ისახავს მიზნად. ჩემი პირადი პრობლემა არის ეს. დარწმუნებული ვარ, ვისაც ეს ფილმი ამის გამო არ მოსწონს, სხვა პრობლემა ამ ფილმთან არაა და ამის გამოსწორება შეიძლება ერთი ტიტრით, რომელსაც მიზანმიმართულად არ აკეთებს პროდიუსერთა ჯგუფი თუ რეჟისორი. ერთი ტიტრია საჭირო, რომ საბოლოოდ ეს პარკი გახდა საჯარო დენდროლოგიური პარკი, რომელიც მოინახულა ამდენმა და ამდენმა ადამიანმა, დღეს არის ყველასთვის ღია“, – ამბობს ოდიშარია.

„მოთვინიერება“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „დენდროლოგიური პარკისთვის“ გიგანტური ხეების გადატანის პროცესს ასახავს. პარტიის წარმომადგენლები და პროპაგანდისტები კი ფილმის ავტორს ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეს პარკი არის „საჯარო სიკეთე, რომელიც დარჩება თაობებს”.

„რეალურად ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია პარკის მოწყობაში ჩადო, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც არ არსებობს, არც რეგიონში და არც უფრო ფართო მასშტაბით. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. და ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ვინ ფლობს შეკვეთილის „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიას?

„დენდროლოგიური პარკი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროსთან, სოფელ ნატანებში 60 ჰექტარზეა გაშენებული. ტერიტორია სასტუმრო „პარაგრაფს“ ესაზღვრება. ის მსურველთათვის ღიაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ასევე არის კერძო ტერიტორია, რომლის დამთვალიერებლებისთვის დაკეტვის უფლებაც მფლობელს ნებისმიერ დროს აქვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“.

შპს „ურეკი რეზიდენსის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ცოლი – ეკატერინე ხვედელიძეა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული შპს ბერა ივანიშვილმა დედას 6 ივნისს აჩუქა. ბერა ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

„პუბლიკასთან” საუბრისას შპს „ურეკი რეზიდენსის” დირექტორი პაატა სულაბერიძე ადასტურებს, რომ „პარკს ფლობს „ურეკი რეზიდენსი“ და ის ყველასთვის ღიაა. ცალკე იურიდიული ფორმით დენდროლოგიური პარკი არ არსებობს, არც შპს, არც სხვა”, – ამბობს ის.

„პუბლიკის” შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პარკის ოფიციალური გადაცემა სახელმწიფოსთვის, სულაბერიძე პასუხობს:

„ჯერჯერობით არ იგეგმება, მე მგონი არა. მოვლა-პატრონობა სჭირდება და ამას ვუვლით ჩვენ ძირითადად, რადგან უფასოა. მერე უკვე დიდი ხარჯი იქნება. ყოველი შემთხვევისთვის თავიდან დიდი მოვლა-პატრონობა სჭირდება ყველაფერს“, – ამბობს ის.