უნდა დადგინდეს, ხომ არ იყო აზრის გამოხატვის გამო დევნა - ომბუდსმენი მშვილდაძეზე თავდასხმაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს პროკურატურას, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცეს, რათა დადგინდეს, ხომ არ იყო ეს დევნა აზრის გამოხატვის გამო.

„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.


ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიშა მშვილდაძე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ უცნობი პირი მოულოდნელად დაესხა თავს და მუშტი სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ მშვილდაძის თქმით, ის დაეცა და სანამ წამოდგომას მოახერხებდა, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ კიდევ დაერტყა.