„ის, რასაც დღეს (და გასულ კვირებში) საქართველოში ვხედავთ, ისაა, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს, შემოიტანოს ისეთივე კანონები, როგორებიც ჩვენ ვნახეთ უნგრეთში, როგორებიც ვნახეთ გასული დეკადის განმავლობაში და რომლებიც ცდილობენ LGBTQI+ საზოგადოების დაზარალებას. ეს გამოიყენება იმისათვის, რომ გადაგვატანინონ ყურადღება რეალური პრობლემებისგან, რომლებსაც ქვეყანაში ვხვდებით, იქნება ეს კორუფცია, დემოკრატიულობის რყევა სხვადასხვა უწყებაში თუ სხვა“, – თქვა LGBTQI+ ფონდ Forbidden Colours-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რემი ბონიმ, 6 ივლისს თბილისში გამართულ პრაიდ-კონფერენციაზე.
აღნიშნულ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქვიარ საზოგადოების დეზინფორმაციის იარაღად ქცევა, რუსული პროპაგანდის გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონზე, ადამიანის უფლებები და ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა.
კანონმდებლობა VS LGBTQI+
„ჰომოფობია ამომავალი წერტილია ტოტალური რეჟიმებისთვის“, – თქვა რემი ბონიმ, რომელმაც განიხილა უნგრეთში გატარებული პოლიტიკა ქვიარ თემის წინააღმდეგ.
მისი თქმით, სანამ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველო უნგრული პოლიტიკისგან იღებს მაგალითს, უნდა გავიაზროთ, ვის მეთოდიკას იმეორებს უნგრეთი.
„უნგრეთი იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობას და სწრაფად აქცევს საზოგადოებას ვანდალურ დემოკრატიაში“, – თქვა ბონიმ.
მსგავსი მეთოდოლოგია გასულ წლებში გავრცელდა ნორვეგიაში, სერბეთში. რემი ბონის შეფასებით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შეტევების ტენდენცია თითქმის ყველგან ვრცელდება.
უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ისაუბრა ზოლტ სზელერესომ, ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელმა უნგრეთიდან.
მისი თქმით, უნგრეთი ევროკავშირში იქცა ფუნდამენტური უფლებებისა და ინდივიდუალურობის განადგურების მაგალითად.
„რუსეთისა და პუტინისგან ინსპირირებული წესების მიღება ცივილიზებული საზოგადოების, LGBTQI+ საზოგადოების, ლტოლვილების დისკრედიტაციას ემსახურება. უნგრეთის მთავრობა ცდილობს, გააქროს სოლიდარობის გრძნობა საზოგადოების ჯგუფებს შორის, რადგან შემდეგ ბევრად უფრო ადვილია ძალაუფლების გავრცელება“, – ამბობს სზელერესო.
უნგრეთში 2021 წელს მიიღეს ანტი-LGBTQI+ კანონი, რომელიც, სზელერესოს თქმით, წარმოადგენდა კანონს პედოფილიის წინააღმდეგ.
„ეს არის კარგად ნაცნობი ნარატივი, რომელიც ერთმანეთთან აიგივებს პედოფილიას და LGBTQI+ საზოგადოებას“. – ამბობს სზელერესო.
რემი ბონის თქმით, ამავე კანონს „ბავშვების დაცვის კანონს“ უწოდებდნენ, თუმცა სახელი არ ცვლიდა ნარატივს და ის კვლავ რჩებოდა რუსეთისგან ინსპირირებულ, LGBTQI+ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ კანონად.
კანონით აიკრძალა ე.წ. ჰომოსექსუალიზმის რეკლამირება და გენდერული იდენტობის რაობის ახსნა არასრულწლოვანებისთვის.
ამ შემთხვევაში საინტერესოა გააზრება, თუ რა წარმოადგენს რეკლამას.
„არ არსებობს რეკლამირების განმარტება. შეგვიძლია, დავარეკლამოთ მანქანა, როდესაც გვინდა, რომ ვიღაცამ შეიძინოს. შენ არ შეგიძლია, დაარეკლამო ისეთი რამ, რისი მოთხოვნაც რეალურად არ არსებობს. უნდა გავიაზროთ, რომ თუ ვინმე ჰეტეროსექსუალია, არ არსებობს არანაირი გზა და არანაირი წნეხი, რომელიც მას ჰომოსექსუალად აქცევს“, – ამბობს ზოლტ სზელერესო.
აღნიშნულმა კანონმა, ფაქტობრივად, გააქრო საჯარო სივრცეებში ქვიარ თემთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვის საშუალება.
„ეს კანონი ზღუდავდა ნებისმიერი სახის მსვლელობებს. ყველაფერი მიწის ქვეშ ჩავიდა. ვეღარ გამართავდი პრაიდს, თემთან დაკავშირებულ ფესტივალებს. ნებისმიერ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ღონისძიების გამართვა, დიდი ალბათობით, იქნებოდნენ ბავშვები“, – ამბობს რემი ბონი.
რემი ბონის თქმით, აღნიშნული კანონი იყო ანალოგი რუსეთის დუმის მიერ 2013 წელს მიღებული კანონისა, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა LGBTQI+ შინაარსის შემცველი მასალის გავრცელება ისეთ სივრცეებში, სადაც შესაძლოა, ბავშვები ყოფილიყვნენ.
უნგრეთში კანონის წარდგენის შემდეგ დიდი დემონსტრაციები გაიმართა პარლამენტთან.
„ცხადია, არ უნდა გვიწევდეს დიდი მსხვერპლის გაღება მიზნის მისაღწევად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიღების შემდეგ გაიმართა უფრო დიდი „ღირსების მარში“, უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო საუბარი სექსუალურ იდენტობაზე; ჩვენ ვთანამშრომლობთ უფრო მეტ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, აქტივისტთან და ვმართავთ არაჩვეულებრივ კამპანიებს“, – თქვა ზოლტ სზელერესომ.
რემი ბონის შეფასებით, უნგრული კანონი რუსულის ანალოგი იყო, თუმცა ის კიდევ უფრო შორს წავიდა. ეს კანონი ეწინააღმდეგებოდა არა მარტო ქვიარ ადამიანებს, არამედ ძირეულ ადამიანურ ღირებულებებს, რომელთაც ევროკავშირი უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ ანტი-LGBTQI+ კანონის გამო, უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელიცაა შესული.
მიზანმიმართული ანტი-LGBTQI+ პოლიტიკა მხოლოდ რუსეთითა და უნგრეთით არ შემოიფარგლება.
„ჩვენი მთავრობები [საქართველოს და უნგრეთის] საუბრობენ ერთმანეთთან. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე. არსებობს საერთაშორისო მოძრაობა ღირებულებების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, უნდა დავრჩეთ ჩვენს ღირებულებებთან“, – თქვა სზელერესომ.
კონფერენციაზე აღინიშნა ისიც, რომ უკრაინაში ინიციატივის სახითაა წარდგენილი კანონპროექტი ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ და უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიმართულებით, მიუხედავად ამისა, რელიგიური შტოები კანონის მიღებას აფერხებენ.
„ეტაპობრივი წინსვლის მიზეზი უკრაინაში არის კომპრომისის მიღწევის სურვილი ეკლესიებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთნაირსქესიანი წყვილების ოჯახად დაკანონებას, ანუ ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება. ერთი მხრივ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ კომპრომისს აზრი არ აქვს – ეს ჩემი პირადი აზრია“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ზორიან კისმა.
რუსული ანტი-LGBTQI+ პროპაგანდისტული გზავნილები
„რუსეთი და მუსლიმური ქვეყნები ახერხებენ, რომ თავს დაესხან ჩვენს იდენტობებს. არა მხოლოდ ჩვენს პირად იდენტობას, არამედ ჩვენს იდენტობას, როგორც ევროპელებისას“, – თქვა რემი ბონიმ.
რუსული დეზინფორმაციის იარაღები და მესიჯბოქსები აქტიურად ჩნდება სხვადასხვა ქვეყნის რეალობაში და იბეჭდება საზოგადოების ყოველდღიურობაში.
რატომ ხდება ფოკუსირება ქვიარ თემზე? რა უბიძგებს რუსულ პოლიტიკას იმისკენ, რომ LGBTQI+ საზოგადოება სამიზნეში ამოიღოს და იარაღად გამოიყენოს?
„როდესაც მთავრობა იაზრებს, რომ მათ არ სჭირდებათ ინვესტირება კარგ ხელისუფლებაში, ცხოვრების მაღალი სტანდარტის შექმნასა და შენარჩუნებაში, თავისუფლების ხარისხში, ხვდება, რომ სჭირდება განტევების ვაცი – სამიზნე, რომლის წინააღმდეგაც ხალხს განაწყობს“, – თქვა ზოლტ სზელერესომ.
უკრაინული დეტექტორ მედიის კვლევის ცენტრის წარმომადგენლის, ოლგა ბელოუსენკოს განმარტებით, ქვიარ თემთან დაკავშირებული დეზინფორმაცია გულისხმობს ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომლის მეშვეობითაც ხდება ადამიანების სექსუალური ორიენტაციით მანიპულაცია, რათა გამავრცელებელმა მიიღოს ეკონომიკური სარგებელი ან დააბნიოს საერთაშორისო საზოგადოება.
დეზინფორმაციის მსგავსი ტიპი საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით ვრცელდება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, LGBTQI+ თემის მიმართ სიძულვილი კიდევ უფრო მეტად გააღვივოს.
„საკმაოდ ხშირად, ასეთი ტიპის დეზინფორმაცია თავიდანვე შეიცავს სიძულვილის ენის ელემენტს. რუსეთი საკმაოდ ხშირად იყენებს ამ ელემენტს, განსაკუთრებით, პროპაგანდის ფარგლებში, მათ შორის, საერთო დეზინფორმაციული კამპანიების დროს ვხვდებით მსგავს ელემენტებს“, – ამბობს ოლგა ბელოუსენკო.
რუსეთში საზოგადოების ნაწილი ქვიარ საზოგადოების წევრობას სასირცხვილოდ მიიჩნევს, LGBTQ+ ადამიანების მიმართ ეს მიდგომა ერთგვარად ხსნის, თუ რატომ იყენებს რუსული პროპაგანდა სექსუალურ ორიენტაციას დასავლური ქვეყნების ხელისუფლებისა თუ ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.
რუსული პროპაგანდა ცდილობს, შექმნას ხატება დასავლეთისა, რომელიც დაშლის პირასაა მისული და ისეთ მდგომარეობაშია, შეიძლება, კაცობრიობა ჩამოშალოს და გააქროს ტრადიციული ღირებულებები და ოჯახი.
ოლგა ბელოუსენკო რუსულ და უკრაინულ ფეისბუქზე, ტელეგრამსა და ტვიტერზე ჰყვება, რომ საინტერესოა, გზავნილების გავრცელება სოციალურ ქსელებში. კვლევის ფარგლებში დეტექტორ მედიამ აღმოაჩინა 80 000-ზე მეტი პოსტი, რომლებიც შეიცავდა პროპაგანდის ელემენტებს. ჰომოფობიურ განცხადებების შემცველი პოსტები გვხვდებოდა ორივე ქვეყნის სეგმენტში, თუმცა უფრო აქტიურად – რუსულ ნაწილში. რუსულ ნაწილში ხდებოდა ქვიარ საზოგადოების შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიითა და უარყოფით კონტექსტში მოხსენიება. აქ პოსტების დიდი რაოდენობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა NATO-ს, ევროკავშირსა და ამერიკას. სიტყვები გეი, ლესბოსელი და სხვა მსგავსი, გამოიყენებოდა ადამიანის, მოვლენის ან ორგანიზაციის დასაცინად, ან დასამცირებლად.
მედიის კვლევის ცენტრის მიერ წარმოებულ კვლევაში გამოიკვეთა ის ფართოდ გავრცელებული გზავნილები, რომლებსაც რუსი პროპაგანდისტები თავიანთ სოციალურ ქსელებში იყენებენ. მათ შორის:
- იყო LGBTQI+ საზოგადოების წევრი, არ არის ნორმალური;
- იყო LGBTQI+ საზოგადოების წევრი, არ არის საამაყო;
- ან რუსი ხარ ან გეი;
- LGBTQI+ საზოგადოების წევრები ავადმყოფები და ჭკუასუსტები არიან;
- LGBTQI+ საზოგადოების წევრები არიან სანახევროდ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, შეაცდინონ და გარყვნან რუსი ბავშვები;
- LGBTQI+ საზოგადოების წევრები ყველას გადასდებენ შიდსს;
- NATO არის LGBTQI+ თემის ორგანიზაცია და რადგანაც NATO-ს ჯარისკაცების დიდი წილი ქვიარ ადამიანებისგან შედგება, ჯარი დასუსტებულია და ვეღარ გაუმკლავდება თავდასხმას.
რუსეთი ანტი LGBTQI+ პროპაგანდას უკრაინაში შეჭრის ასახსნელადაც იყენებს. ხშირად საუბარია იმაზე, რომ უკრაინელები წარმოადგენენ საფრთხეს ქვიარ პროპაგანდის კუთხით, რადგან ისინი NATO-ს კლანჭებში აღმოჩნდნენ და ახლა მათი დახსნაა საჭირო. ამბობენ, რომ უკრაინაში დამოუკიდებლობის დაკარგვა არ არის ტრაგედია და რუსეთი მის გადარჩენას ცდილობს.
ზორიან კისის თქმით, უკრაინელებისთვის კარგადაა ცნობილი, რა არის რეალური ღირებულებები და რას ეწინააღმდეგება პუტინი.
„ჩვენ არ გვინდა, რამე საერთო გვქონდეს რუსეთთან. არ გვინდა, საერთო გვქონდეს პუტინთან“, – ამბობს ის.
კისის თქმით, უკრაინელების გზავნილი უნდა იყოს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. მხოლოდ ასე შეძლებენ გამარჯვებას.
„ჩვენ არ უნდა ჩავებათ პირდაპირ კამათში იმ ადამიანებთან, ვინც ავრცელებს პროპაგანდისტულ გზავნილებს. უკრაინაში გვაქვს გამოთქმა: არ ჩაება კამათში პროპაგანდისტთან, რადგან თავის დონეზე ჩაგათრევს და იქ გაჯობებს“. – ამბობს ზორიან კისი.
ოლგა ბელოუსენკოს თქმით, რუსეთის მიზანს საზოგადოების პოლარიზაცია და მათ თვალში დასავლური ხელისუფლებების დაკნინება წარმოადგენს. დასავლეთის დაკნინების საფუძვლად კი მათ მიერ ქვიარ თემის მხარდაჭერას იყენებენ.
რუსეთი ამბობს, რომ დასავლურ ხელისუფლებებს არ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების სწორად მართვა.
ზორიან კისი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, გამოაშკარავდეს და მკაფიოდ გაესვას ხაზი იმას, რომ პროპაგანდის ხაზი რუსეთიდან მოდის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება.
რუსული პროპაგანდისტული გზავნილები საქართველოში
საქართველოში ჰომოფობიური გზავნილები წლების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა ჯგუფისგან. ხშირად რელიგიური შტოები გამოირჩევიან მძაფრი ჰომოფობიური განცხადებებით.
ბოლო პერიოდში ჰომოფობიური შინაარსის გზავნილებმა სახელისუფლებო ტრიბუნაზეც გადაინაცვლა. ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ LGBTQI+ თემის პროპაგანდის გავლენის საშიშროებას ბავშვებზე, მათ ფსიქიკასა და შეხედულებებზე. ხაზს უსვამენ იმას, რომ ოჯახი არის დაკანონებული, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ისინი ოჯახის სიწმინდეს იცავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში LGBTQI+ პროპაგანდა.
„უნდა გავხსნა დებატები ამ ქვეყანაში. მოვიდა დრო, მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები.
ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ელგებეტე პროპაგანდა, ღიად გეუბნებით. მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპასა და ამერიკაში იცით თქვენ, რა ხდება, ბაღებში შევიდა პროპაგანდა. არ შეიძლება, კატასტროფაა ეს. ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა. ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აქტიურად მიემართებოდა ჰომოფობიური კამპანია Mcdonalds საქართველოს. ერთ-ერთ საკვებ ყუთში „ჰეფი მილში“ ბავშვებისთვის სასაჩუქრე ბროშურაში მოყოლილი იყო ელტონ ჯონის ისტორია და ის, რომ მან იპოვა თავისი მეორე ნახევარი, მამაკაცი.
აღნიშნულმა ბროშურამ მთავრობის წარმომადგენლებისგან მწვავე განცხადებები დაიმსახურა.
„რაც ჩვენ ვნახეთ, ბოლო დღეების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნის ქსელში, „მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა ბავშვებში ეს [LGBTQI+] პროპაგანდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მიუღებელია ის პასუხი, რომ, თურმე, ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი”, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებს საპარლამენტო ტრიბუნებიდან „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ სხვადასხვა დეპუტატისგანაც აქტიურად ვისმენთ.
„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება (ხაზს ვუსვამ, ხაზგასმით), ვინც დავიცავით კონსტიტუციაში ოჯახის სიწმინდე და ვთქვით, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობით შექმნილი ოჯახით. ჩვენ ვართ, ალბათ, უკვე არა ხელისუფლება, არამედ ის საზოგადოება, რომელიც ამ ტოლერანტობისა და ამ სამართლიანი მიდგომის პარალელურად ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არ შეიძლება ამ თემით ბავშვებსა და მოზარდებზე ზემოქმედება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები მიემართება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსაც. საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქვიარ თემს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის დისკრედიტაციისთვის იყენებენ.
„ახლოვდება ივლისი და დაანონსებულია ელგებეტე პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ, მათი მფარველობის იმედით. მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თქვენ მართალია, საქართველოში საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. იმედს ვიტოვებ, რომ ელგებეტე თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი“. – აღნიშნა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
თუკი რუსეთში ვხვდებით ჰომოფობიურ გზავნილს – „ან რუსი ხარ, ან გეი“, ჩვენთვის უკვე საკმაო ხანია, კარგად ნაცნობია დეკანოზ ელიზბარის (ოდიშვილის) ფრაზა: „ქართველი გეი არ არსებობს“.
„როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს საქართველოში, ეს ნამდვილად უნდა იქცეს გამომაფხიზლებელ სიგნალად. თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და თქვენი პრემიერი ცდილობს ასეთივე [რუსული] მეთოდოლოგიის გატარებას“, – მიმართა რემი ბონიმ პრაიდის კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას.