კინოს სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ „მე კონსენსუსს არ ვეძიებ, მე ვეძიებ პარტნიორებს“. კინემატოგრაფისტები მინისტრს ურჩევენ, რომ „კომპრომისებზე ფიქრი დაიწყოს, რადგან არ ვაპირებთ თქვენს მსახურებას“.
„13 ივლისს კულტურის მინისტრმა აღიარა, რომ კინოცენტრში დაწყებულ რეპრესიულ „რეორგანიზაციას“ თავად უდგას სათავეში, რაც კინოცენტრის დამოუკიდებლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. წულუკიანის გუშინდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციური სისტემიდან კინოცენტრში მოვლენილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია მხოლოდ ფორმალურად აწერს ხელს იმ ბუნდოვან, გაუმჭვირვალე რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც შრომითი ხელშეკრულება უკვე 6 ადამიანს შეუჩერდა.
ამავე ინტერვიუში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ დაბალია მინისტრ წულუკიანის ლეგიტიმაცია – კინოცენტრის მომავალთან დაკავშირებით მასთან მხოლოდ „12 თუ 13 ხელოვანი“ ითანამშრომლებს.
იგი კვლავ უარს ამბობს კონსტრუქციულ ფორმებზე და მოთხოვნების შესრულებაზე მსჯელობის ნაცვლად, კვლავ შეურაცხყოფითა და ცილისწამებით გვიპირისპირდება. დირექტორის უკვე ყოფილ მოადგილეზე, ნინო კუხალაშვილზე თავდასხმა კი მინისტრის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელთა არაკვალიფიციურობის მიჩქმალვას ემსახურება.
მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი „არ ეძიებს კონსენსუსს, არამედ პარტნიორობებს“ – წულუკიანის ეს სიტყვები კვლავ ადასტურებს, რომ ის კინოხელოვანთა სამართლიანი მოთხოვნების მიმართ შეუვალი იქნება და ჩვენგან მხოლოდ მორჩილებას ელის.
მინისტრის მსჯელობა პოლიტიკურობის შესახებ კიდევ უფრო აბსურდულად ჟღერს უკვე უაღრესად პოლიტიზებული კინოცენტრისა და პარტიული პროპაგანდისტის თანამდებობაზე დანიშვნის ფონზე. რომ აღარაფერი ვთქვათ წულუკიანის მიერვე დანიშნულ კინოცენტრის წინამორბედ დირექტორზე, რომელიც იმავდროულად პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა მინისტრის მოადგილის პოსტზე.
მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკა მხოლოდ თავისი და თავისივე მოადგილეების საქმეა. შევახსენებთ ქალბატონ წულუკიანს, რომ კულტურის პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის განმსაზღვრელია და ყოველთვის ვიბრძოლებთ გაუმჭვირვალობის, ნეპოტიზმის, პარტიული ანგაჟირებულობის წინააღმდეგ. გირჩევთ, დაიწყოთ კომპრომისებზე ფიქრი, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მსახურებას“, – აცხადებენ კინოს სფეროს წარმომადგენლები.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოხელოვანების საპროტესტო აქციის შემდეგ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი გუშინ, 13 ივლისს, „იმედი LIVE-ს” ეთერში გააკეთა.
წულუკიანი ამბობს, რომ „არ ესმის რას ემსახურება პროტესტი“, მისი თქმით, რეორგანიზაცია კინოცენტრში უფრო ადრე უნდა დაეწყო და ეს „მისი შეცდომაა”, თუმცა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.