წულუკიანი: როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა

პუბლიკა

„როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა“ – ასე გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პარტიების „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაერთიანებას. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ, რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა. ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საერთო სტრატეგიულ პლატფორმას შექმნიან.