საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საუბარი ჯერ არ არის - ცერცვაძე

პუბლიკა

თენგიზ  ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოსთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.  სულ 33 ინფიცირებულია. 28 წევს ინფექციურში, დანარჩენები – სხვადასხვა კლინიკაში. 3 ინფიცირებული საჩხერეში მკურნალობს, ორი სხვა – მიმღებ კლინიკებში.

ცერცვაძის თქმით, პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა გაჭიანურდა, დღეს გაეწერა. დღეს განმეორებით გამოკვლევის პასუხი მიიღეს, პაციენტი გაწერეს და ის 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩება.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 14 ანალიზის პასუხს ელოდებიან. თენგიზ ცერცვაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოში მყოფ ჩეხ ტურისტებზე. მისი თქმით, სიმპტომები მათ საქართველოს დატოვების შემდეგ გამოუვლინდათ და საქართველოში მათ შემხებლობაში მყოფი 30 პირია იდენტიფიცირებული.

„შიდა გადაცემა არის, მაგრამ მეოთხეული რომლის შემდეგაც დაინფიცირებულმა არ იცის ვისგან დაინფიცირდა, ასეთი ჯერ არ გვყავს და  ეს დინამიკის თვისობრივად სხვა ეტაპია. შემთხვევა, როცა ქუჩაში გავიდა, დაბრუნდა და აღმოაჩნდა ინფექცია, ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვაქვს”.

მისი თქმით, 12 ადამიანს აქვს პნევმონია, აქედან 4 პაციენტი პრობლემურად მიიჩნევა, თუმცა ყველას მდგომარეობა გამოჯანმრთელებას ექვემდებარება.

ცერცვაძეს შეკითხვა დაუსვეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზეც.

„საგანგებო მდგომარეობაზე საუბარი არ ყოფილა. განწყობა, რომ საგანგებოს აპირებენ, არ ყოფილა. იქნება იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზარდება, რასაც თქვენ მეოთხეულ გადაცემას ეძახით; თუ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ინფიცირებულებმა არ იციან, ვისგან დაინფიცირდნენ და კონტაქტის მოძიება შეუძლებელია. ჯერჯერობით, საგანგებოს მზაობა და ვარაუდი არ არის”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.