რა ეკრძალება ოთარ ფარცხალაძეს აშშ-ის სანქციებით

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

სანქციები გულისხმობს, რომ:

  • ოთარ ფარცხალაძეს ეკრძალება, მიიღოს: ნებისმიერი სახის ქონება და საკუთრება ან საკუთრების წილი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ის მოქალაქე, ან მომავალში ექნება ან გააკონტროლებს მას. შეუძლებელია მისთვის რამის გადახდა, ტრანსფერი და სარგებლის ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა.

  • იკრძალება მისთვის თანხის, საქონლის, ან სერვისების მიწოდება. შესაბამისად, იკრძალება მისგან თანხის, საქონლის, ან სერვისების მიღება.

  • ეკრძალება შესვლა აშშ-ის ტერიტორიაზე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მისი ქვეყანაში შესვლა აშშ-ის ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება.

  • აკრძალულია ნებისმიერი გარიგება, რომელიც სანქცირებულ პირს დაეხმარება სანქციებისთვის თავის არიდებასა და დადგენილი ნორმების დარღვევაში.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია.

სანქციები შეეხო ალექსანდრ ონიშენკოს, რომელიც პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსია, დაკავშირებულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და არის FSB-ის ოფიცერი.

აშშ-ის განცხადებით:

„ალექსანდრ ონიშენკომ და რუსულმა FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.