საგანგაშო პროცესები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში – ორგანიზაციების მიმართვა

პუბლიკა

ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ისინი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების სფეროში, ეამონ გილმორს და ევროპისა და ეუთოს წარმომადგენლებს მათი მანდატის ფარგლებში რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას სთხოვენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, რომელიც მაუწყებლის წინა რეფორმატორი დირექტორის, ნათია კაპანაძის თვითნებური იმპიჩმენტის შემდეგ საეჭვო პროცედურით და კონტექსით აირჩიეს, არსებითად დაასუსტა მაუწყებელში კრიტიკული შინაარსის გამტარებელი საკვანძო რგოლი – ახალი ამბების სამსახური და მნიშვნელოვანი პოზიციების მქონე თანამშრომლები გაათავისუფლა სამსახურიდან ან სხვა ნაკლებად გავლენიან სამსახურებში გადაიყვანა.

„კერძოდ, 2020 წლის 2 თებერვალს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეზღუდვისა და სამუშაო გარემოში შევიწროების და კონტროლის მძიმე პრაქტიკის გამო, მაუწყებელი დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. პროცედურებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით მრჩეველთა საბჭოს მიერ საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებებისა და მოჩვენებითი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, 2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადაიყვანეს მისი გამოცდილებისგან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე რადიო მაუწყებლობის სამსახურში.

2020 წლის 28 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

2020 წლის 6 მარტს დისციპლინური წარმოების წესისა და პროცედურების აშკარა დარღვევით, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს დროებით შეეზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება და მოიხსნა ეთერიდან, რამდენიმე საათით ადრე დანიშნული ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან კრიტიკული დისკუსიის გამო. უკვე 13 მარტს კი ამავე ინციდენტის გამო დირექტორმა თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. დირექტორი თეონა ბაკურიძის ხელმძღვანელის მითითებების შეუსრულებლობას ედავება, მაშინ როდესაც ახალი ამბების ახალი ხელმძღვანელი რამდენიმე საათის დანიშნული იყო და მას არც ერთი მითითება თეონა ბაკურიძისთვის მიცემული არ ჰქონდა.

ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის მიღმა, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს ატარებს. მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს.

2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, მანამდე მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანია მისი კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტება“, – ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის რესურსი გახდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მაუწყებელი ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელდებოდა როგორც ყველაზე დაბალანსებული მედია საქართველოში.

„მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისა და საერთო პოლიტიკური და მედია კონტექსტის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით:

  1. დაინტერესდეთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენოთ აჭარის მაუწყებლის საკითხი;
  2. თქვენი მანდატის ფარგლებში მიიღოთ შესაბამისი ზომები (საჯარო გამოხმაურება, მიმართვა მთავრობასთან და ა.შ.) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს რეგიონალური მედიების ასოციაცია; ტელევიზიების ქსელი; მედია კლუბი; პუბლიკა; OC-media; ბათუმელები; ჩაი-ხანა; სათემო რადიო მარნეული; პლატფორმა სალამი; საზოგადოება ბათომი; ქართველ მუსლიმთა კავშირი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); რეგიონალური მაუწყებლების ალიანსი; თბილისის ლიბერალური აკადემია; საქართველოს მცირე და საშუალეო ტელეკომუნიკაციის ოპერატორების ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRC); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); კავშირი საფარი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); თანასწორობის მოძრაობა; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);