„შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით?“ - მოსამართლე ევა გოცირიძის შეკითხვა ჩუგოშვილს

პუბლიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებმა სასამართლოს გააცნეს პოზიცია, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია და რა საკითხებს შეეხო სამი ვიზიტი გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

განხილვა ამ ეტაპზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ სამ ქვეყანაში ვიზიტის დროს პრეზიდენტი არ მოქმედებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის ფარგლებში – არ ახორციელებდა მოლაპარაკებებს, არ დებდა ხელშეკრულებას, არ ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.

მოსამართლეები ძირითადად დაინტერესდნენ, რატომ ითხოვდა პრეზიდენტი მთავრობისგან ნებართვას ყველა სხვა შემთხვევაში და რატომ არ ითხოვა მან ნებართვა საფრანგეთსა და ბრიუსელში გამგზავრების წინ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში ვიზიტზეც უარი მიიღო, მან გადაწყვიტა, ვიზიტები კონსტიტუციის იმ მუხლის ფარგლებში განეხორციელებინა, რომელიც განსაზრღვრავს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

„2019 წლიდან, მთელი ამ წლების განმავლობაში, ზუსტად იდენტური სახით, ყველა ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტი აგზავნიდა მოთხოვნას მსგავსი შინაარსის მითითებით (52-ე მუხლის). ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა 49-ე მუხლიდან გამომდინარე [ამ მუხლში წერია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს].

მე გადმოგეცით მისი დასაბუთება: რატომ მიაჩნია მას საჭიროდ კოორდინაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, როგორ ხედავდა ის ამ პრაქტიკას, როგორც მისი საქმიანობის კოორდინირების საშუალებას ხელისუფლების ამ ორ შტოსთან, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპურციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ საერთოდ ჩამოშორებული ყოფილიყო საგარეო პოლიტიკიდან.

49-ე მუხლის ფარგლებში ის გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მათ შორის, თავისი დიპლომატიური როლის შესრულებას, სახელმწიფო მეთაურებთან თავისი კონტაქტების გამოყენებას სწორედ, 78-ე მუხლის [„კონსტიტუციურმა ორგანოებმა უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“] ინტერესებიდან და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეხვედრებზე პრეზიდენტი არ საუბრობდა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების შედეგზე და მისი ვიზიტი გეოპოლიტიკური საკითხების განხილვასა და საქართველოს ევროპულ მომავალს ეხებოდა.

„სასამართლოზე განსახილველ ამ სამ შემთხვევაში არ განხორციელებულა არც ხელშეკრულების დადება, არც მოლაპარაკებები, არც ახალი ვალდებულებების აღება, არამედ ეს იყო საუბარი, კონტაქტი ორ პირს შორის სწორედ, ქვეყნის პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში. ეს კონტაქტი არ თავსდება 52-ე მუხლში, არც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში და არც არაფერში. ის თავსდება 49-ე მუხლის მე-3 პუნქტში. პრეზიდენტი ამ მუხლის საფუძველზე წარმოგვადგენდა ჩვენ – ყველას და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ეუბნებოდა, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილს მოსამართლე ევა გოცირიძემ ჰკითხა:

„ამბობთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ეს შეხვედრები განახორციელა, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ. იმაზე მეტს რას გვეუბნება, რომ მას ჰქონდა კეთილი განზრახვა? ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია? ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ამ ორ ფაქტს შორის? რადგან მან 12 პუნქტზე არ ისაუბრა, რადგან ზოგადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ეს თავისთავად, რაზე მეტყველებს, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია საგარეო ურთიერთობებში და პოლიტიკის საკითხებზე არ გამოუთქვამს აზრი, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ განუხორციელებია? ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოს საზიანოდ განზრახ მოქმედებს. ძალიან რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ამ ორ გარემოებას შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას? შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით?“, – თქვა მოსამართლემ.

ჩუგოშვილმა მოსამართლეს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ 49-ე მუხლის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სამივე ვიზიტისას წარმოადგენდა საქართველოს და არა მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს.

თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს პასუხი არაერთხელ შეაწყვეტინეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ან თავად მოსამართლეებმა.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მას ერთი და იმავე საკითხის განმარტვა რამდენჯერმე მოუწია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ვიზიტებზე უარი დაუსაბუთებლად ჩათვალა, მიიჩნია, რომ ეს ემსახურებოდა მის იზოლირებას. მისივე თქმით, იმის მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტმა შეხვედრებზე 52-ე მუხლის ფარგლებში იმოქმედა, იმპიჩმენტის წარდგინების ავტორებმა უნდა მოიტანონ.

„პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, რომ ევროპელ ლიდერებს ესაუბროს ახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა წევრი ქვეყნის პირველ პირს საქართველოს ყველა უმაღლესი წარმომადგენელი უნდა ესაუბროს. პრეზიდენტი და პრემიერი ერთად უნდა დადიოდნენ, უნდა მოიარონ ყველა წევრი ქვეყანა. მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები, სასამართლომ მოსთხოვოს მათ იგივე სტანდარტი. როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში შეიჭრა, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო. მათი მხრიდან მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი და ჩვენს მხარეს სთხოვთ მტკიცებულებებს“, – თქვა მან.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა, რა შემთხვევაში დაარღვევდა პრეზიდენტი 52-ე მუხლს:

„პირველ რიგში, სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნაბიჯი, თუ კონტაქტი, რომელიც შეიძლება დაამყაროს, საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ის ვერ აიღებს ვერანაირ ახალ ვალდებულებას, ვერ შევა მოლაპარაკებებში, მას შეუძლია მხოლოდ ესაუბროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რაც დეკლარირებული აქვს პარლამენტსა და მთავრობას.

მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მაგალითად აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.

მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციით განსაზღვრა, რომ საქართველოს მიზანია იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი – ეს მთავარი ხაზი უკვე განსაზღვრულია. პრეზიდენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ, ეს იქნება მისგან არაკონსტიტუციური ქმედება.

პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე, თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.