თურნავა: ვიცოდით, ბანკები შეძლებდნენ, თავიანთი ანალიზის საფუძველზე აღესრულებინათ სანქციები 

პუბლიკა

ნათია თურნავას თქმით, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა „ბრძანება საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას შეუსაბამა, მაგრამ იცოდა, რომ ბანკები შეძლებდნენ, თავისი ანალიზის საფუძველზე აღესრულებინათ სანქციები“.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს კომერციული ბანკების შესახებ კანონის 21-ე მუხლი, რომელიც ბანკებს საშუალებას აძლევს, „მათთვის საეჭვო კლიენტის ან ტრანზაქციის შემთხვევაში არ განახორციელოს ფინანსური მომსახურება”. თურნავას თქმით, ეს ნიშნავს, რომ ბანკმა შიდა პროცედურების მიხედვით უნდა შეაფასოს კლიენტთან ურთიერთობის რისკიანობა.

„მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბანკები დაუწესებდნენ საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს ოთარ ფარცხალაძეს, გამომდინარე იქიდან, რომ შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობა საკორესპონდენტოებთან, შეასრულონ კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც მათ ავალდებულებთ, შეაფასონ რისკები კლიენტებთან ურთიერთობაში, აღასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რაც მათ ხელშეკრულებით აკისრიათ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ კრედიტორებთან. და იქ პირდაპირ წერია, რომ სანქცირებულთან არ უნდა დაიჭირო საქმე და ბევრგან უწერიათ, რომ პირი თუ არის სანქცირებული, წყვეტენ მათთან თანამშრომლობას. ბანკებს აქვთ საკმაოდ კარგად გადაზღვეული ჩარჩო, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

ვითვალისწინებდით რა ამას, ჩვენი ბრძანება მოვიყვანეთ შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან, მაგრამ ვიცოდით, რომ ბანკები შეძლებენ, ანალიზის საფუძველზე აღასრულონ სანქციები”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციების მსგავს ზომებს იღებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი გენერალურ პროკურორთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით, თურნავამ უპასუხა:

„სავარაუდოდ, სანქციების დაწესებას სერიოზული მოკვლევა უძღოდა წინ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ან რა უფლება გვაქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ აშშ-ის პროკურორების მიერ გაწეული სამუშაო”.

19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდა.

ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი აღნიშნული ბრძანების შემდგომ, ეროვნული ბანკი დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა. კომერციულმა ბანკებმა კი განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო რეგულაციებს დაემორჩილებოდნენ. 

ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისი დაამატა. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.