ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან მიმართებაში არ არის ცნობილი - ეზუგბაია

პუბლიკა

მარინა ეზუგბაიამ დღის ბოლო ბრიფინგზე ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ პერიოდისთვის ინფექციურში 46 პაციენტია, მათგან 28 პირს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მისივე თქმით, დღეს დღის მეორე ნახევარში ახალი 11 ანალიზი აიღეს და პასუხებს საღამოს ელოდებიან. სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის ლაბორატორიული კვლევის შედეგები დილით გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არაა.

„ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა. პირველთან დადასტურდა პნევმონია და საშუალოზე მძიმედ [ცხელებით] მიმდინარეობს. მეორესთან პნევმონია არ დადასტურებულა. მას დღეს ჩაუტარდება კომპიუტერული კვლევა და დღეს შეფასდება საბოლოო მდგომაროება. ობიექტური სტატუსი სტაბილურია ორივე პაციენტის”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მეორე და მესამე პაციენტის ტესტებმა უარყოფით პასუხი აჩვენა კორონავირუსზე და მეორე საკონტროლო კვლევის შემდეგ მათ შესაძლოა კლინიკა დატოვონ.

კითხვაზე – არის თუ არა შიდა გავრცელება? – მარინა ეზუგბაიამ უპასუხა:

„ჯერ შიდა გავრცელებაზე საუბარი არ არის. ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენზე მოგზაურობის ისტორია არსებობს. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მკვეთრი წყარო ცნობილი არ არის”, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 დადასტურებული შემთხვევაა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და 14 დღიან თვითიზოლაციაში იმყოფება.