ისრაელის სამხედრო ძალები ღაზის სექტორში „ყოვლისმომცველი შეტევისთვის" ემზადებიან

პუბლიკა

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან 1 კვირის თავზე  ისრაელის თავდაცვის ძალები, „ყოვლისმომცველი შეტევისთვის ემზადება”. მასში ათასობით რეზერვისტი იქნება ჩართული.

ცნობილია, რომ შეტევის გეგმა მოიცავს “სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციას”. თუმცა, ძირითადი აქცენტი სახმელეთო შეტევაზე იქნება.

IDF-ს არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს ოპერაციას.

დღეს, 14 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის საზღვართან ჩავიდა და ისრაელელი ჯარისკაცები მოინახულა.

„ვარ ჩვენს მებრძოლებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ ყველანი მზად ვართ”. – დაწერა მან X(Twitter)-ზე.

ასევე, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ახალი ეტაპი იწყება”. 

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთათვის მიცემული 24-საათიანი ულტიმატუმი ამოიწურა – 1.1 მილიონ ადამიანს სამხრეთში გადასასვლელად სწორედ ეს დრო ჰქონდა. გაერომ თქვა, რომ ეს შეუძლებელია და რომ ამას „დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება”.

BBC ამბობს, რომ ისრაელმა საჰაერო შეტევა განახორციელა პალესტინელი მოქალაქეების მანქანებზე მაშინ, როცა ისინი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიდიოდნენ. ფოტოების გაანალიზების შემდეგ BBC-მ დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, მათ შორის, ზოგიერთის ასაკი 2-დან 5 წლამდეა.

UNICEF აცხადებს, რომ 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზის სექტორში 700-ზე მეტი ბავშვია მოკლული. დაჭრილია – 2 450. 

UNICEF-ის სპიკერმა, სარა ალ ჰათაბმა CNN-ს უთხრა, რომ ბოლო ცნობების თანახმად, მოკლულია, სულ მცირე, 2 215 პალესტინელი, მათ შორის 700-ზე მეტი ბავშვია.

გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაღუპული ბავშვების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.

UNICEF-ის კიდევ ერთი სპიკერი, ჯეიმს ელდერი ამბობს:

„ბავშვების ხოცვა უნდა დასრულდეს. ვითარება ასეთია: არიან ბავშვები საშინელი დამწვრობებით, ჭრილობებით, რომლებიც ნაღმტყორცნებიდან მიადგათ და დაკარგული კიდურებით. საავადმყოფოები გადატვირთულია და მთლიანად მათ მკურნალობაზეა გადასული”.

მან ასევე ილაპარაკა ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფ ისრაელელ ბავშვებზე და თქვა, რომ ისინი „დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ უნდა დაუბრუნდნენ ოჯახებს”. 

პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ისრაელის ბლოკადის ფონზე, ღაზის კლინიკები კარგავენ „კლინიკურ, ფარმაცევტულ და საწვავის შესაძლებლობებს”.

ასევე, მაი ალ ქაილა ისრაელს, სულ მცირე, ჯანდაცვის 28 მუშაკის მკვლელობასა და სამედიცინო ცენტრების დაზიანებაში ადანაშაულებს.

ამასთან, პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ღაზის მცხოვრებლებს გზა ჩაუხერგა და სამხრეთ ნაწილში გადასვლის საშუალება არ მისცა. ჰამასმა ისრაელის ულტიმატუმს ფეიკი უწოდა და მოსახლეობას მოუწოდა, არ დაეტოვებინათ ადგილი.

ისრაელმა განაცხადა, რომ ჰამასი თავს დაესხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს, სადაც თავდასხმებისგან დაჭრილ ისრაელელებს მკურნალობდნენ. დაიღუპა, სულ მცირე, 1 ადამიანი – 20 წლის კაცი. დაიჭრა – მინიმუმ 12.

ევროკომისია ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გაასამმაგებს და ჯამში 75 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ის გაეროსთან მჭიდროდ მუშაობს, რათა დარწმუნდეს, რომ დახმარება ღაზის სექტორამდე მიაღწევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა. ის თელ ავივში 12 ოქტომბერს ჩავიდა და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს კი საუდის არაბეთში, აბუ დაბიში გადაინაცვლა. ბლინკენი შემდეგ იორდანიაში წასვლას გეგმავს. მოლაპარაკებების თემა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გავრცელების შეჩერებაა.


7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.