ისრაელის გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ გაიხსნა დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან ჩრდილოეთ ღაზაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა უნდა დატოვონ ტერიტორია და სამხრეთით წავიდნენ ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან 13 საათამდე პერიოდში. ამისთვის კი მათ აქვთ ერთი მარშრუტი – ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრეს-სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადასვლას. მისივე თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია მოუწოდებს მოსახლეობას არ მოუსმინონ ისრაელის მოწოდებებს.
მან ასევე დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ისრაელი „სამხედრო ოპერაციას“ მას შემდეგ დაიწყებს, როდესაც მოქალაქეები ღაზას დატოვებენ.
ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან 1 კვირის თავზე ისრაელის თავდაცვის ძალები, „ყოვლისმომცველი შეტევისთვის ემზადება”. მასში ათასობით რეზერვისტი იქნება ჩართული.
ცნობილია, რომ შეტევის გეგმა მოიცავს “სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციას”. თუმცა, ძირითადი აქცენტი სახმელეთო შეტევაზე იქნება. IDF-ს არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს ოპერაციას.