„შინაარსისგან გამოფიტული" - საკონსტიტუციოს 3 მოსამართლე გადაწყვეტილებას აფასებს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. დასკვნას ერთვის სამი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

„საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ პუნქტის, „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისთვის [იმპიჩმენტი]”, – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

52-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნტქტში აღნიშნულია: პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;

რას წერენ მოსამართლეები განსხვავებულ აზრში?

„მივიჩნევთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი.

ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. თითოეულ ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას…

…დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას.

არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკურად მიუკერძოებელ, და ამავე დროს, ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას…

… მითითებული ნორმის მიზანი არ არის რაიმე სახის აკრძალვის დაწესება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარალელური საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით. ამგვარი მსჯელობის მართებულობაზე მიუთითებს როგორც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ტექსტი (იგი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და არა აკრძალვას), ასევე თავად საქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა…. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციას სურს კონკრეტული შეზღუდვის დაწესება, პირდაპირ უთითებს ამგვარ შეზღუდვაზე, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პარტიის წევრობას.

პოტენციურად, საქართველოს პრეზიდენტის ან სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედების, ან/და კონსტიტუციის თუ კანონის სხვა დებულების დარღვევის საფრთხე მუდმივად არსებობს. თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია პოტენციური დარღვევის პრევენციისათვის ადგენს დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს და არა ქცევის თავისუფლების წინასწარ შეზღუდვებს.

…საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული დემოკრატიების მსგავსად, უზრუნველყოფს უფლებამოსილებების გამიჯვნას, საგარეო ურთიერთობებში კოორდინაციის ვალდებულებას და არა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებული ცერემონიული (ან მის ექსკლუზიურ კომპეტენციასთან დაკავშირებული) საქმიანობისათვის მთავრობის წინასწარი თანხმობის მოთხოვნას.

…საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ფორმალურად თანხმობის არარსებობა-არსებობის ფაქტი, არამედ, თავად ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა, სადავოდ მიჩნეული ქმედებებით საქართველოს პრეზიდენტი ხომ არ გასცდა სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს ან/და ხომ არ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება.

იმპიჩმენტის ინიციატორებმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინონ უკვე მომხდარ ფაქტებზე და საქართველოს პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეაფასონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გასცდება უფლებამოსილების ფარგლებს, უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ხელყოფს მთავრობის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციას, ან/და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ გამოკვეთილა რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევის არსებობა.

მიგვაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ან/და საკუთარი მოქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედების დადგენის საფუძველს.

…მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რა უნდა ჩაითვალოს იმპიჩმენტის  მიზნებისთვის „კონსტიტუციის დარღვევად“

სამი მოსამართლე განსხვავებულ აზრში ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა დაედასტურებინა, იმპიჩმენტის მიზნებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

„იმპიჩმენტის პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სამართლებრივი კრიტერიუმებით შეაფასოს, საქართველოს კონსტიტუციის რომელი დებულება დაირღვა, გააანალიზოს, მათ შორის, დარღვევის ხასიათი, ინტენსივობა, მისგან გამოწვეული შედეგი, თანამდებობის პირის ბრალეულობის ხარისხი, იმ სამართლებრივ სიკეთეთა ურთიერთმიმართება, რაც შესაძლოა დაზიანდეს იმპიჩმენტის შედეგად და რის დაცვასაც ისახავს მიზნად იმპიჩმენტის პროცესი. სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს დასაშვებია თუ არა პირის თანამდებობიდან გადაყენება.

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და აფასებს არა მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ კონსტიტუციის ფორმალურად დარღვევის ფაქტს, არამედ იმ გარემოებასაც, დარღვევა, თავისი მნიშვნელობით, რამდენად აღწევს იმ ხარისხს, რომ იმპიჩმენტის მიზნებისათვის ჩაითვალოს „კონსტიტუციის დარღვევად“ და, შესაბამისად, პირის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლად…

კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის სიმძიმეს არათუ მტკიცებულებებით ამყარებდნენ, არამედ არც კი მიუთითებდნენ, რომ საქართველოს ინტერესებს მიადგა რაიმე ტიპის ზიანი, საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებს მოჰყვა ნეგატიური შედეგები საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, შეფერხდა კონსტიტუციურ ორგანოთა ფუნქციონირება ან წარმოიშვა იმგვარი საფრთხე, რომელმაც საფუძველი გამოაცალა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი საზოგადოებრივ ნდობას, რამაც აუცილებელი გახადა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მოხდა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების გზით, 6 წლის ვადით. შესაბამისად, ამგვარი პირის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების (არჩევანის) უარყოფას/უგულებელყოფას”, – ვკითხულობთ მოსამართლეების  განსხვავებულ აზრში.

ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრს სრულად გაეცანით ბმულზე;