როგორ ასაბუთებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის დამრღევად მიჩნევაზე

პუბლიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნია – ამ გადაწყვეტილებით მან დააკმაყოფილა „ქართული ოცნების” შესაბამისი წარდგინება. გადაწყვეტილებას ხელი 6-მა მოსამართლემ მოაწერა, 3 – არ დაეთანხმა. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა გიორგი კვერენჩხილაძის, ირინა იმერლიშვილისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

თუმცა, პლენუმმა გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება.

„ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს იმპიჩმენტზე წარდგინებით მიმართა, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღია, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ  შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი, მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული”.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი და მოლაპარაკების წარმოების ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას აქვს და რომ „არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს”.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო წერს:

„საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაგულისხმები არ იყო და ვერც იქნებოდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტის შესაბამისი აქტივობა არ შეესაბამებოდა საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს, რის გამოც, საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებას, რომ თითქოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა, როდესაც მისი ქმედება ამ მიმართულებებს შეესაბამებოდა და მთავრობის პოლიტიკას აცდენილი არ იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში იმპიჩირებად ქმედებად მიჩნეულ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ სამ სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის რანგში, განახორციელა საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და სამივე შემთხვევაში აწარმოვა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რამდენადაც იგი კონსტიტუციურ ორგანოებს „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“ ავალდებულებდა ყველა შესაძლებელი ზომის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისათვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ ეს მუხლი საქართველოს პრეზიდენტსაც მხოლოდ „საკუთარი უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედების მანდატს ანიჭებდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს წარმომადგენლობას, ვრცელდებოდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა მთავრობისგან თანხმობის მიღების თაობაზე.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით.

თავისთავად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საპრეზიდენტო ფიციც, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და პასუხი გასცა სხვა არაერთ სამარლთებრივ საკითხს, რაც კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენის დროს იქნა პროცესის მონაწილეების მხრიდან დაყენებული.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასკვნით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს „კონსტიტუციის დარღვევას“ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის”.