„მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ (EECMD) წარადგინა ინიციატივა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემის ონლაინ შესაძლებლობის შესახებ.
EECMD-ის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სასიცოცხლო როლი აქვთ ათასობით ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფასა და მთლიანად, საქართველოს ეკონომიკაში. თუმცა, არ აქვთ შესაძლებლობა რეალური გადაწყვეტილება მიიღონ არჩევნებში და შესაბამისად, იმის გადაწყვეტაში, თუ როგორ დაიხარჯება მათ მიერ მძიმე შრომით მოპოვებული შემოსავლები.
„დისტანციური/ონლაინ ხმის მიცემის სისტემები ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, რომლის გამოუყენებლობა პოლიტიკურად უსამართლოა და აზიანებს ემიგრანტთა პოლიტიკურ უფლებებსა და წარმომადგენლობით დემოკრატიას საქართველოში“, – ამბობს EECMD.
საქართველოს ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები აქვს: 2020 წელს 74, 264, 2021 წელს 99, 974, ხოლო 2022 წელს 125, 269 ადამიანი წავიდა. მხოლოდ გასულ წელს ემიგრანტებმა საქართველოში 2,9 მილიარდი დოლარის თანხა გადმორიცხეს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 13%-ია.
EECMD-ის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში იგეგმება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, ასევე საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახლეობასთან საკითხის მნიშვნელობის შესახებ და ხელმოწერების შეგროვება.
EECMD საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს მრავალპარტიული კონსულტაციები ამ საკითხზე და მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამასთან, მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს.