ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად, უკვე მესამე დღეა, ვერის ბაღში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს.
დღეს სიტყვით მიმართვისას ვასაძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მის შინაარსზე არაფერს იტყვის.
„რაც შეეხება ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მე და ბიძინა შევხვდით ერთმანეთს. მოსალოდნელი იყო და ატყდა ამბავი, რაზე შეხვდითო. არასოდეს გავაჟღერებ ამ შეხვედრების შინაარსს. ის ცდება ჩემი და ბიძინას ეთიკურ ნორმებსაც. არავითარი პოლიტიკური გარიგება არ შემდგარა, თუ ვინმეს სჯერა ჩემი გულწრფელობის, ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის. მაშინ მეტყვით, რატომ გააჟღერეო? იმიტომ, რომ, რადგან შენ გაქვს პირადი ურთიერთობები, იცნობ ადამიანს, არაკაცურია გამოხვიდე და ისე თითქოს არ იცნობ, რაღაცეები გაუგზავნო საჯარო სივრციდან. ეთიკური თვალსაზრისით, ნორმად ჩავთვალე მეთქვა, რომ ბიძინ, მე და შენ ვურთიერთობთ და ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ საჯაროდ გეუბნები ამას და არ გეწყინოს. გეხვეწებით, სულ რომ დამკუჭოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით.
მიმძიმს ეს ყველაფერი და არასოდეს არაფერი მდომებია ჩემი ქვეყნის მსახურების გარდა, არასოდეს მიჩალიჩია ცნობადობა. მთაწმინდელი ბიჭი, რომელიც აქ გავიზარდე, დისკომფორტს განვიცდი, როცა ქუჩაში მცნობენ.
არათუ არანაირი ამბიციები არ მაქვს, ჩემი ოცნებაა, რომ ჭინკებმა არასოდეს ასეთი რამეები არ აკეთონ და მე ვიყო ჩემს საყვარელ კერძო სივრცეში. არა მარტო ჩემი ოჯახის მოვლისთვის, არა მარტო ჩემი ვენახის, სკოლის მოვლისთვის, არამედ იმ საქმისთვის, რომელიც ჩემი უსაყვარლესი საქმეა, ჩემი მთავარი დანიშნულება ლექსების წერა, პოეზია და მისი კითხვაა. ის ორი წელი, რომელიც ვაქტიურობ, იყო ჩემთვის უდიდესი ზარალი, ეს მტაცებს მე პოეზიას,“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.