ხერხდება ის, რომ მატება იყოს ერთეულობით და არა ათეულობითი - იმნაძე კორონავირუსის გავრცელებაზე

პუბლიკა

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ნაწილში ამ მომენტისთვის ვითარება კონტროლირებადია. ახალი გამოვლენილი შეთხვევებიდან ყველა დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ცნობილი შემთხვევების კონტაქტები არიან. მისივე თქმით, ჯერჯერობით ხერხდება ის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდებოდეს ერთეულობით და არა ათეულობითი.

„გავრცელების შენელების ეტაპზე გადავედით, ეს არის პროფესიული ტერმინოლოგია, რომელიც ჯანმოს მიერ  სიტუაციის შესაფასებლად გამოიყენება. საქართველო ძალიან წინსწრები ნაბიჯებით აკეთებს ხოლმე გარკვეულ ღონისძიებებს და გამოჩნდა, რომ მძიმე ნაბიჯები ჯობია გადადგა ადრე. მოსახლეობას სწორად ესმის ეს ნაბიჯები [იგივე ეს შეზღუდვები, რაც დაწესებულია]. ეს არ არის მარტივი და ამ ზომებს სხვა ქვეყნებმა მიმართეს, როცა ასობით დაღუპული იყო. ჩვენთან ეს კეთდება ახლა და იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ტრაგედია ადამიანური სიცოცხლეების პირველ რიგში და სამედიცინო სერვისებზე დაწოლა. ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში ვერ აუდიან სამედიცინო სამსახურები პაციენტების დაწოლას“,  – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს მთავრობა სრულად ითვალისწინებს.

მან ასევე ისაუბრა სწრაფი [აგრესიული] ტესტირების შესახებ. მისი თქმით, ეს გააკეთა მხოლოდ სამხრეთ კორეამ. იმნაძის თქმით, საქართველო გეგმავს ამ მეთოდის გამოყენებას და კორეის გამოცდილება საინტერესოა საქართველოს ხელისუფლებისთვის.

“გარკვეულ ეტაპზე ეს უნდა გაკეთდეს. ეს იაფი სიამოვნება არ იქნება. კვირის ბოლოს არის მოლაპარაკებები კონკრეტულ მომწოდებლებთან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.