ხელისუფლება იცავს ლიცენზიის შინაარს და როგორ ვენდოთ, რომ მას გააუქმებს? - გოლეთიანი

პუბლიკა

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას კომენტარს რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე პროტესტზე სამინისტროს წინ აქციის მონაწილეები ეხმაურებიან.

შამუგიამ განაცხადა, რომ ეს პროტესტი „აბსოლუტურად უსაფუძვლოა“ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი ყველა წესის დაცვით გამოაცხადა. ასევე ფიქრობს, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა კი განაცხადა, რომ ისინი მინისტრს არ ენდობიან, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თავადაც დარწმუნებით ვერ ამბობს, ლიცენზია მართლაც გაუქმდება.

„ჩვენ რა საფუძველი გვაქვს, რომ ვენდოთ ამ პროცესს? უბრალოდ დავიშალოთ და რასაც გვიპირდება ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ კარგია ეს ლიცენზია, მას გააუქმებს? ხელისუფლება იცავს ამ ლიცენზიის შინაარსს და აქეთ გვდებს ბრალს. ყველა ვხედავთ, რომ რაც ეს პროტესტი მიმდინარეობს, ხმალამოღებულები იცავენ ამ ლიცენზიის შინაარსს.

საზოგადოებას ახვევენ თავზე ხიდაშელთან დადგმულ კონფლიქტს, რომ თითქოს ეს კაცი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და გადაიხედება, თითქოს უქმდება. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას იზამს მომავალი ლიცენზიატი, ვინც აქ შემოვა და მასთან დაკავშირებით რას იტყვის მინისტრი.

მინისტრი ამბობს, „რამდენიმე საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს ლიცენზია გაუქმდება“ – აქ სადმე ხედავთ, რომ ის დაბეჯითებით ამბობდეს ლიცენზიის გაუქმებაზე?! ამბობს, „ვივარაუდოთ, „შესაძლოა“. შემდეგ ამბობს – „არსებობს ყველა წინაპირობა, ჩემი აზრით, რომ გაუქმდეს“, ანუ ამბობს ჩემი აზრითო და ისევ არა დაბეჯითებით“, – თქვა გოლეთიანმა და აღნიშნა, რომ აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

რაც შეეხება ლიცენზიის კანონიერად გაცემას და აუქციონის საჯაროდ გამოცხადებას, გოლეთიანის თქმით, სამინისტრომ არ უზრუნველყო მოსახლეობის ჩართულობა, რაც მას კანონით ევალებოდა და ეს მხოლოდ ვებსაიტზე ერთი განცხადებით ვერ მოხერხდებოდა.

„მათ გამოვუგზავნეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს, რომ მოსახლეობასთან არ ყოფილა არავითარი კომუნიკაცია. თვითონაც კარგად იცის, იქვე აღიარა, რომ შეიძლება კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, მთლად ჯეროვანი კომუნიკაცია არ იყოო, ასე აღნიშნა.

ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მოსახლეობამ კარგად იცის ადგილზე, რომ მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ წერილობით გაიგო ამაზე საზოგადოებამ. ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ უკანონოა ეს ლიცენზია.

რაც შეეხება საჯაროობის ნაწილს, რომ თითქოს საჯაროდ გაიცა ლიცენზია. აპელირებენ იმაზე, რომ მათთან საიტზე ერთი წინადადებით დაიწერა აუქციონის გამოცხადების შესახებ. სამინისტრომ ერთი წინადადება დაწერა თავის გვერდზე, რომ იგეგმებოდა აუქციონის გამოცხადება და ჩაითვალა, რომ რაჭის მთელი მოსახლეობის სრულად ინფორმირება ამით მოხდა. ასე თვლიან თვითონ ყოველ შემთხვევაში.

არადა, კანონი პირდაპირ უთითებს, რომ ადამიანები სრულფასოვნად უნდა იყვნენ ჩართულები ასეთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აქ არსად ჩანს, რომ ვინმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო ჩართული“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

ასევე გოლეთიანის თქმით, სამინისტრო ხაზს უსვამს, თითქოს აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რაჭის ტყეები გაიყიდა. რაც, მისი თქმით, ტყუილია, რადგან ტყე 49-წლიანი იჯარით გაიცა და ამას არსად უარყოფენ, მაგრამ ამდენი ხნით ტყის ვინმესთვის საკუთრებაში გადაცემა მათთვის არის გაყიდვის ტოლფასი.

გოლეთიანის თქმით, არასწორია ისიც, თითქოს სამინისტრომ მათ პროტესტამდე დაიწყო ლიცენზიის გადახედვა. მისი თქმით, აქტივისტებმა, მოსახლეობამ ამ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, სამინისტროს მხრიდან ლიცენზიის გადახედვაზე განცხადება კი სწორედ მათი აქტიურობის შემდეგ გაკეთდა.


რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის გაუქმებას მოითხოვს.

მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.