რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია გაუქმდა 

პუბლიკა

რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია გაუქმდა, – შესაბამის ბრძანებას ხელს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი აწერს.

„კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები;  დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც  მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.  განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის სრულად გაუქმებას მოითხოვდნენ.