სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული კაბუს გირაოთი გათავისუფლებაზე ამბობს, რომ „ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს უფრო მიზანშეწონილი იყო”, ვიდრე პატიმრობა.
იოსელიანი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს, რადგან ეს არ არის მისი კომპეტენცია, ასევე ამბობს, რომ არ იცის საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამიტომ ბრალდებაზეც არაფრის თქმა შეუძლია.
იოსელიანს კითხეს, ცნობილი რეპერის გათავისუფლება არის თუ არა შერჩევითი სამართალი, რაზეც სახალხო დამცველმა თქვა, რომ „სასამართლო გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს”.
„ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. მე ვერაფერს გეტყვით, ჩემი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, მე ვიცი რომ ამას პროკურატურა ასაჩივრებს სააპელაციოში…. შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვით… სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ არ გვაქვს წვდომა მტკიცებულებებზე, ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, შემიძლია შევაფასო, რომ ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი”, – თქვა იოსელიანმა.
მომღერალი და მსახიობი კაბუ(კახა აბუაშვილი) 26 ნოემბერს ქალზე ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო მომდევნო დღეს ჩაინიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომღერალი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.
მომღერლის ადვოკატმა მოსამართლეს პროცესზე უთხრა, რომ „კაბუ საზოგადოების რიგითი წევრი არ არის” და მას საახალწლოდ არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა ჰქონდა დაგეგმილი, პატიმრობა კი ამას ხელს შეუშლიდა.
პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, კაბუმ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, ქალმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალებას.
კაბუსთვის სამი მუხით წარდგენილი ბრალდება 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.