საქსტატი: საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 89.5% სწავლობს, კერძოში - 10.5%

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის – 2 086 საჯარო, ხოლო 210 – კერძო.

წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთშია.

ასევე, საქსტატის ცნობით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 89.5% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5%.

მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 48.2% გოგოა, 51.8% – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

2023/2024 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1%-ით ნაკლებია.

2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება.

დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0%-ით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9%-ით მეტია.

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით მეტია.

მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგებში ქალების წილი 87.5 პროცენტია, კაცების – 12.5.