100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერები უმუშევრად დარჩენილებს – UNM-ის ინიციატივა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ მოსახლეობამ, ვინც  კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, კომუნალური  ვაუჩერები მიიღონ.

„საჭიროა დაუყოვნებლივ კომუნალური მხარდაჭერი პაკეტის შექმნა მთავრობის მიერ. თითოეული უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ოჯახებისთვის, და ასეთი 60 000-ია დღეისთვის. უნდა შეიქმნას კომუნალური ვაუჩერი 100 ლარის ოდენობით თვეში, 4 თვის განმავლობაში. ანუ თითოეულმა ოჯახმა უნდა უნდა მიიღოს 400 ლარი სხვადასხვა კომუნალური ხარჯის დასაფარავად. ეს არ არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული და საჭიროა დაახლოებით 25 მილონი ლარი“. – თქვა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ

მისი თქმით, კორონავირუსმა ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. ათეულ ათასობით ადამიანმა დროებით დაკარგა სამსახური. დაიკეტა უამრავი ობიექტი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მცირე ბიზნესი. ამიტომ აუცილებელია, სასწრაფოდ მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას.

როგორც გოცირიძე ამბობს, დღეს ბიუჯეტში ელემენტალური ეკონომიის შედეგად ამ თანხის გამოძებნა შესაძლებელია:

„ბიუჯეტში მივლინებებსა და წარმომადგენლობით ხარჯზე 100 მილიონი ლარია ჩადებული. ვხედავთ, რომ ჩაიკეტა მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო. არც სხვაგან მივდივართ, არც სხვები შემოდიან. ფაქტობრივად, ეს ფული ბიუჯეტში თავისუფალია“.

მისივე თქმით, ამ თანხიდან, სულ მცირე, 60 მილიონის გადადება შეიძლება.

„გარდა ამისა, მთავრობას სარეზერვო ფონდი აქვს, რომელიც 50 მილიონს შეადგენს, მთლიანად რომ არ შევეხოთ, 20 მილიონის აღება შეიძლება, ანუ უნდა შეიქმნას 80-მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტი, მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის აი, ამ გამოთავისუფლებული სახსრების საფუძველზე. 25 მილიონი წავიდეს კომუნალურ მხარდაჭერაზე, ხოლო დანარჩენი ფული სხვადასხვა პროგრამებზე, რომელსაც დეტალური გათვლებით წარმოგიდგენთ ახლო მომავალში“, –  თქვა გოცირიძემ.