ეპარქიაში ვაწარმოებთ ბექონდარას ნაყენს – სინოდის წევრი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე

პუბლიკა

ხვალ, 20 მარტს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება, რომელზეც მღვდელმთავრები, სხვადასხვა საკითხთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების  საფრთხის გამო, ზიარების წესზე იმსჯელებენ.

ამ თემასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პირველი“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის ეპისკოპოსს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ესაუბრა.

მან თქვა, რომ ხვალ გადაწყდება აღნიშნული საკითხი.

მან ასევე ისაუბრა იმ სადეზინფექციო საშუალებებზე, რომელსაც თავად იყენებს.

„პირველად 2009 წელს გავიგე, რას ნიშნავს პრეპარატი სტერილიუმი. ძალიან მომეწონა და იმის მერე სულ მუდმავად მაქვს, მაგრამ არ იშოვება, ძვირია. ყველაფერი ეს გერმანიიდანაა ჩამოტანილი”, – თქვა ეპისკოპოსმა. (მან მაყურებელს თავის მაგიდაზე რამდენიმე სადეზინფექციო საშუალებაზე მიუთითა) – ამის გამო, ეპარქია თავად აწარმოებს სადეზინფექციო საშუალებებს.

„ჩვენ ეპარქიაში ვაწარმოებთ ბექონდარას ნაყენს, 95%-ანი სპირტის შემცველობით. ბეგქონდარას სამკურნალო თვისებები აქვს. ხელზე უნდა დავისხათ და პირის დეზინფექციასაც აკეთებს”. – განაცხადა სინოდის წევრმა და  ეპარქიაში წარმოებული ნაყენი ჯერ ხელზე დაისხა, შემდეგ კი პირშიც შეისხა.

„ჰოდა, ვემზადებით. სოლიდარობას ვუცხადებთ.  ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ყველა, ცოცხალი, ნორმალური, მაგრამ, რაც ეხება ქრისტეს, მის სისხლს და ხორცს, არ შეიძლება, იმის დაშვება, რომ ეს ის არ არის. ეს ნამდვილად ქრისტეს სისხლი და ხორცია“, – თქვა ეპისკოპოსმა.

ჩვენი რედაქცია მოგიწოდებთ – არ გამოიყენოთ სხვადასხვა პრეპარატი თუ სადეზინფექციო საშუალება, თუ ამას ექიმები არ გირჩევენ.