საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მონაწილეობას უკავშირდება, პასუხობს, რომ თუ საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე იფიქრებდა.
ჟურნნალისტის შეკითხვა ასეთი იყო: „თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, შესაძლოა თუ არა იფიქროთ პარტიის ჩამოყალიბებაზე ან რაიმე სხვა ფორმით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე?
„სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გეგმაა საპრეზიდენტო ვადა მიიყვანოს ბოლომდე და ევროინტეგრაციის პროცესს შეუწყოს ხელი.
„ჩვენი გეგმა – თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ ამჟამად არის ის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს და კონსენსუსს მიაღწიოს ქვეყანაში, რომელიც ღრმადაა პოლარიზებული – ეს, ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება საარჩევნო წელს, რომელიც, სავარაუდოდ, ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, რომელთა შესრულებაც მოგვიწევს მას შემდეგ, როცა, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს რამდენიმე დღეში. ჩვენ, წლის დანარჩენი დრო, არჩევნებამდე და არჩევნების ჩათვლით უნდა გამოვიყენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოსთვის გასცეს. აი, ესაა ჩემი გეგმები. თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანის შესრულებას განსხვავებული ფორმატი დასჭირდება, მაშინ, ვნახოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა. თარგმანი „რადიო თავისუფლებას“ ეკუთვნის.
ინტერვიუს რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი გამოქვეყნდა ჯერ, სრული ინტერვიუ კი გამოცემის ცნობით, მალე გამოქვეყნდება.