მოქალაქეები პეტიციით მოითხოვენ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” „პირველ არხზე“ დაბრუნებას

პუბლიკა

მოქალაქეები პეტიციით მოითხოვენ გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ „პირველი არხის“ ეთერში დაბრუნებას. პეტიციის ხელმომწერები ამ მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მიმართავენ.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად.

„მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ გადაცემის საეთერო ბადეში დაბრუნებას“, – ვკითხულობთ პეტიციაში.


15 დეკეემბერს წამყვანმა დათო გორგილაძემ „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ გადაცემას საზოგადოებრივი მაუწყებელი ხურავს. 

მისი თქმით, არხის ხელმძღვანელობამ მიზეზად ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია დაუსახელა.

შესაძლოა, დაიხუროს არხის სხვა გადაცემებიც. „პუბლიკა” ინფორმაციას აზუსტებს.

რაც შეეხება მაუწყებლის ბიუჯეტს – პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება საზმაუს დაფინანსების არსებული წესი და 2026 წლიდან მაუწყებელი დაფინანსდება თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში საზმაუს ბიუჯეტი კვლავ მთლიან შიდა პროდუქტზე იქნება მიბმული – და მშპ-ის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით განისაზღვრება.

ახალი წესით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დაფინანსდება საქსტატის მონაცემებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

აღნიშნული წესი ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან.

2024 და 2025 წელს საზმაუ დაფინანსდება წინა წელს მისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობით.

კანონპროექტით იცვლება აჭარის ტელევიზიის და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით. არსებულ კანონში 2026 წლიდან აჭარის მაუწყებლობის დაფინანსება 17%-ით იყო გათვალისწინებული.