Nikkei Asia: პუტინმა სი ძიპინს უთხრა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ 5 წელს იომებს 

პუბლიკა

იაპონური მედიის, Nikkei Asia-ს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა სი ძიპინს უთხრა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ 5 წელს იომებს.

გამოცემას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს ლაპარაკი 2023 წლის მარტში, პრეზიდენტების მოსკოვში შეხვედრის დროს შედგა.

„როგორც ჩანს, პუტინმა ამ გზით შეაჯამა ვითარება ომში, რომელიც რუსეთისთვის იმ დროისთვის სახარბიელო არ იყო და დაარწმუნა სი ძიპინი, რომ სიტუაციიდან რუსეთი საბოლოოდ გამარჯვებული გამოვა”, – წერს Nikkei Asia.

გამოცემისვე შეფასებით, ეს იყო გაფრთხილება სი ძიპინსთვის, არ შეცვალოს პრორუსული პოზიციები.

The New York Times-ის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი იყენებს შუამავლებს, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რუსეთისთვის იმ ტერიტორიების შენარჩუნების პირობით, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვს. უკრაინისთვის ეს პირობა მიუღებელია.

თუმცა, როგორც Nikkei Asia წერს, „პუტინის მიერ სი ძიპინისთვის მარტში ნათქვამი სიტყვების თანახმად, რუსეთის ლიდერის მიერ დაწყებული მანევრები და ილუზიის შექმნის მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არავინ უნდა დაიჯეროს”.

პარალელურად, პუტინის მიერ „5-წლიანი ომის“ შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, სი ძიპინმა თავის სტრატეგიას გადახედა.

თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უფრო გახანგრძლივდება, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს სი ძიპინის გეგმებსა და ამბიციებზე, იყოს ჩინეთის პრეზიდენტი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის უპრეცედენტო – მესამე ვადით. ამ ყოველივემ შეიძლება გავლენა იქონიოს სი ძიპინის მთავარ მიზანზე – დაიპყროს ტაივანი.

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, სი ძიპინმა პუტინის განცხადებას დაუჯეროს. მას უკვე აქვს წყენა პუტინის მიმართ და ეს წყენა 2022 წლის 4 თებერვლით თარიღდება, დღით, როცა ბეიჯინგის ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა. ვლადიმირ პუტინი ერთადერთი მსოფლიო ლიდერი იყო, ვინც გახსნის ცერემონიალს დაესწრო. სი ძიპინმა ამით თავისი რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დააყენა. ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტს არ ეგონა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა. სი ძიპინმა არასწორად შეაფასა ვლადიმირ პუტინის ჭეშმარიტი ზრახვები. Nikkei Asia-ს შეფასებით, 24 თებერვლის შეჭრამ ჩინეთი პანიკაში ჩააგდო.